ქუჩაში გაჩენილი ახალშობილი - კორონავირუსით ინფიცირებულ მშობიარეს კლინიკის კარი არ გაუღეს
უკრაინის ქალაქ ჩერკასში კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულს სამშობიაროში შესვლის უფლება არ მისცეს და მას სამედიცინო დაწესებულების შესასვლელში, ქუჩაში მშობიარობა მოუწია - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა TSN ავრცელებს.
მშობიარე ქალის მეუღლის განცხადებით, ისინი კლინიკის შესასვლელში იდგნენ და კარზე აბრახუნებდნენ, თუმცა კარი არავინ გაუღო. ამ დროს მშობიარეს კუმშვები უფრო და უფრო უძლიერდებოდა. მამაკაცის თქმით, ის ექიმებს საშველად უხმობდა, თუმცა არავინ მივიდა მათთან.
კაცი იძულებული გახდა, პიჯაკი ასფალტზე გაეფინა და ცოლი ზედ მოეთავსებინა, რათა მშობიარობაში დახმარებოდა. როდესაც ბავშვის თავი გამოჩნდა, მხოლოდ ამ დროს ჩამოვიდა მედიკოსი და კოლეგებს გადაურეკა, რომ კლინიკის კარი გაეღოთ. ექიმების გუნდი გარეთ ეტლით გამოვიდა, რათა მშობიარე ქალი ზედ მოეთავსებინათ, თუმცა პაციენტს უკვე აღარ შეეძლო ეტლში ჩაჯდომა და მედიკოსებს მშობიარობის მიღება ქუჩაში მოუწიათ.
რეგიონულ საავადმყოფოში განაცხადეს, რომ კოვიდინფიცირებულ წყვილს საკუთარ თავზე არ უნდა აეღო სამშობიარომდე დამოუკიდებლად მისვლა და სასწრაფო უნდა გამოეძახებინა, რადგან ოჯახი სახლის პირობებში მკურნალობდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადა მშობიარეს სპეციალურად კოვიდინფიცირებული ორსული ქალებისთვის განკუთვნილ კლინიკაში გადაიყვანდა. სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციამ ასევე განმარტა ექიმების დაგვიანებით ჩამოსვლის მიზეზი, რომლის თანახმადაც, მედიკოსებს სპეციალური აღჭურვილობისა და დამცავი ფორმის ჩასაცმელად გარკვეული დრო დასჭირდათ.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა და დედისგან კორონავირუსი არ გადასდებია. პატარა გოგონას ევა დაარქვეს. რაც შეეხება ქუჩაში მშობიარობის ფაქტს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
წყარო:newposts.ge