დიდების შეცდომისთვის, წარუმატებელი დღისთვის, შეუმდგარი ურთიერთობებისთვის პატარები არ უნდა დაისაჯონ - ფსიქოლოგის მიმართვა მშობლებს
ასოციაცია "მერკურის" ფსიქოლოგი თამარ ბებია სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს:
"შენ, ვინც ამას კითხულობ და ხარ მშობელი, ბებია, მასწავლებელი თუ ბავშვის მეურვე გთხოვ, გულისყურით წაიკითხე, ის რასაც ახლა გეტყვი, იქნებ რამე გენიშნოს და დაგაფიქროს !
თუ ბავშვზე ზრუნავ, ე.ი. დიდი პასუხისმგებლობა გაკისრია მისი და სამყაროს წინაშე, რადგან გარკვეულწილად შენზეა დამოკიდებული მათი სამომავლო ურთიერთობა როგორი იქნება? - გულღია, მტრული, კარჩაკეტილი თუ კონსტრუქციული ?- ამიტომ, გირჩევ დაფიქრდე - ვინ დგას შენს წინაშე?...
ბავშვი/მოზარდი ეს არ გავს არც ერთ ნივთს შენს გარშემო და არც ამ თოჯინას ფოტოდან, რომ გიმზერს... არა, ის ნამდვილია და მ ი ს ი თ არ უნდა "ითამაშო", მხოლოდ მ ა ს თ ა ნ თამაში, ურთიერთობა და გულწრფელი საუბარია უპრიანი !
ბავშვი/მოზარდი ის არსებაა, მუცლიდანვე რომ ესმის, გრძნობს და განიცდის წინასწარ განწყობებს და შენ წარმოიდგინე, უკვე "წამოჩიტული" საკუთარი თვალით აკვირდება დედ-მამის, ბებია-ბაბუის, აღმზრდელ-მასწავლებლის და სოციუმის ქცევას, განწყობას და ემოციებს... მათ შორის, ესმის შენი დამოკიდებულება და შეფასება მის პიროვნებაზე , ეს კი მის იდენტობაზე ახდენს გავლენას. თუ უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებ, დასცინი, ჩაგრავ ან მის ოჯახის წევრს აძაგებ მისი თანდასწრებით - განიცდის, საშინლად განიცდის და დაუცველობის განცდა ეუფლება.
საკუთარ თავს იდანაშაულებს, რადგან უჭირს არსებული რეალობის შეცვლა ან იმიტომ, რომ იმედები ვერ გაამართლა, რაღაც ისე არ გამოუვიდა, როგორც გინდოდა, შენ ხომ ასე ეგოისტურად, "საუკეთესოთა შორის საუკეთესო" გინდა მისთვის ?! მაგრამ...
მოდი ვაღიაროთ, რომ სინამდვილეში, არც თუ იშვიათად, ჩვენ საერთოდაც არ ვიცნობთ მათ შინაგან სამყაროს, პიროვნულ ღირსებებს, განცდებს და ფიქრებს, იმიტომ რომ არ ვაკვირდებით და საუბრის ფორმის მოძებნაც გვიჭირს მათთან.
თუმცა გვგონია, რომ ჩვენზე უკეთ მას არავინ იცნობს, მხოლოდ იმიტომ, რომ ყოველ დილით მის საყვარელ ომლეტს ან კიდევ ბუტერბროდს ვუმზადებთ. ეს არ კმარა.
დაფიქრდი: ბოლოს როდის დაინტერესდი როგორ არის? როგორ მისდის საქმე ამხანაგებთან / შეყვარებულთან? დაღლილი ხომ არაა? რა მუსიკას უსმენს ამ ბოლო დროს? როგორ გრძნობს თავს შენთან საუბრისას? - მიდი გამოიწვიე სასაუბროდ და მოუსმინე, მოგწონს თუ არა, ათქმევინე სათქმელი და ეცადე კრიტიკის ნაცვლად, გაუგო ... გაიცნოო!
გთხოვ, დაიმახსოვრე და მასაც ასწავლე, რომ:
შეცდომა ყველას მოგვდის, მთავარია ვაღიაროთ და გამოვასწოროთ!
დიდების შეცდომისთვის, წარუმატებელი დღისთვის, შეუმდგარი ურთიერთობებისთვის პატარები არ უნდა დაისაჯონ!
სიყვარული და თანადგომა გადაგვარჩენს ! ყოველი პოზიტიური დიალოგისთვის და წახალისებისთვის, მომავალში მათგან ასმაგად დაფასდებით.
არ დაამციროთ ადამიანები მისი თანდასწრებით, განსაკუთრებით კი ოჯახის წევრები - ეს ყველაზე მეტად ამახინჯებს მათ სულებს !
აუხსენით სიყვარულით, მოიხადეთ ბოდიში, ასწავლეთ სხვისი აზრის პატივისცემა და ჯანსაღი კრიტიკა საკუთარ მაგალითზე და დამიჯერეთ, თქვენ გაიმარჯვებთ! - სამყარო გაიცნობს კიდევ ერთ შემდგარ, საკუთარ თავში დარწმუნებულ, ჰუმანურ და ბედნიერ თანამოაზრეს!", - წერს ფსიქოლოგი.