თეგებით ძიება

თუ ვინმე შეეცდება პარლამენტის შეკრებასა და ამუშავებას, შედეგები მისთვის ძალიან მძიმე იქნება - ნათელაშვილი

თუ ვინმე შეეცდება პარლამენტის შეკრებასა და ამუშავებას, შედეგები მისთვის ძალიან მძიმე იქნება, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ელჩებს იმიტომ არ ხვდებიან, რომ რაიმე დათმობაზე წავიდნენ.

„ელჩებს ჩვენ ვხვდებით არა იმიტომ, რომ დათმობაზე წაგვიყვანოს ვინმემ, ამას არც იკადრებს არც ერთი ელჩი. ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან, ჩვენი ხალხის დავალებიდან გამომდინარე. ჩვენი ხალხის დავალება არის ის, რომ ხელისუფლება შეიცვალა, ივანიშვილმა წააგო არჩევნები, 48 პროცენტი აიღო, შესაბამისად, არ შეიძლება, მთავრობა შეადგინოს მან. ვინაიდან ის უარს აცხადებს დაემორჩილოს ხალხის ნებას, ოპოზიციამ გამოაცხადა პარლამენტში არ შესვლა, რაც ნიშნავს პარლამენტის დაშლას. თუ ვინმე შეეცდება ამ უკანონო ორგანოს შეკრებას, მის ამუშავებას და პარლამენტის დარქმევას, შედეგები მისთვის ძალიან მძიმე იქნება“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მისივე განცხადებით, არა მხოლოდ ელჩმა, არამედ მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ქვეყანაში ხელახალი არჩევნებია ჩასატარებელი, თამარ ჟვანიასა და სხვა გამყალბებლების გარეშე.

„ის პოსტულატი, რომ ქვეყანაში ჩასატარებელია განმეორებითი, დემოკრატიული არჩევნები, ჟვანიებისა და სხვა ფალსიფიკატორების გარეშე, იცის არა მარტო პატივცემულმა ელჩმა, არამედ ლამის მთელმა პროგრესულმა მსოფლიომ. უკვე ალბათ, ერთი მკვლელი, მანიაკი, ჩიკოტილო იყო მთელი მსოფლიოსთვის ცნობილი, რომელმაც 54 ბავშვი მოკლა და მეორე ქალბატონი ჟვანიაა უკვე ცნობილი, რომელმაც ივანიშვილის დავალებით, საქართველო მოკლა არაერთხელ, ოღონდ მოკლა საარჩევნო წესით, ყელში წაჭერით.

პარლამენტში ოპოზიციის ფეხი არ იქნება. პარლამენტი არ არსებობს იმიტომ, რომ ხალხს ის არ აარჩევინეს. რეალურად არსებობს კუპრის ქვაბი, სადაც მოიხარშებიან ივანიშვილები, მდინარაძეები, კობახიძეები და მთელი ეს ბერბიჭაშვილები. მეორე ტური არ არსებობს, რადგან პირველი ტური არ ჩატარებულა და როცა სახლს საძირკველი და სახურავი არ აქვს, როგორი სახლი გამოვა?“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ცალ-ცალკე შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრები უკვე გაიმართა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერთან, შალვა ნათელაშვილთან და „ერთიანი საქართველოს“ ლიდერთან, ნინო ბურჯანაძესთან.

1tv.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა