თეგებით ძიება

პანდემიისა და შეზღუდვის ფონზე ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-მა 426 367 ლარის ღირებულების ავტომობილები შეიძინა

ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-მა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 426 367 ლარის ღირებულების ავტომობილები შეიძინა. საუბარია Ford Fiesta Trend-ის ავტომობილებზე, რომელთა გამოშვების წელი 2019 წელია.

სსიპ-მა 9 ერთეული III კლასის მსუბუქი ავტომანქანის შესყიდვაზე შპს "ჯითი მოტორსთან" გააფორმა ხელშეკრულება, რომელიც 2020 წლის 16 ნოემბრით თარიღდება. ხელშეკრულების ღირებულებამ 281 902 ლარი შეადგინა. ერთეული სატრანსპორტო საშუალების ღირებულება კი 31 322 ლარია.

ამასთან, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 12 ნოემბერს გააფორმა ხელშეკრულება სამი ავტომობილის შესყიდვასთან დაკავშირებით.საუბარია SsanYong Tivoli-ზე. ამჯერად შპს "სენა ავტოსთან", ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 144 465 ლარს. ერთეული სატრანსპორტო საშუალების ღირებულება კი 48 155 ლარია.
რატომ შეიძინა ჯანდაცვის სსიპმა 0.4 მლნ ლარის ავტომანქანები? - ამის ახსნა დღეს მინისტრის მოადგილს მოუწია:



"ავტომანქანები შევიძინეთ ინფექციის კონტროლისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იყო ძალიან სასწრაფო, მწვავე საჭიროება, გადაუდებელი პროექტის ფარგლებში. მსოფლიო ბანკთან შეთანხმებით მოხდა ამ შენაძენის გაკეთება. საუბარია იმაზე, რომ თითო რეგიონს თითო მანქანა ჰყავდეს, რათა გამოძახებებზე რეაგირება სწრაფად მოხდეს “, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.


მისი თქმით, საუბარია არა სასწრაფო, არამედ ჩვეულებრივ ავტომობილებზე, რომლებიც სხვადასხვა სსიპ-ების თანამშრომლებს გადაადგილებისთვის სჭირდებათ. თამარ გაბუნიას ინფორმაციითვე, პროცესშია სასწრაფო გადაუდებელი დახმარების მანქანების და რიგ შემთხვევაში, სასწრაფოს მანქანების აღჭურვილობის შეძენა.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა