თეგებით ძიება

რომელ სართულზე ცხოვრებაა ყველაზე უსაფრთხო და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო?

მრავალსართულიან კორპუსში საცხოვრებლად სართულის არჩევა არამხოლოდ გემოვნების საკითხი, არამედ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელსაც შეუძლია ცხოვრების ხარისხზე იმოქმედოს. 

თუ ბინის შეძენას ან შეცვლას გეგმავთ, ფსიქოლოგებისა და უძრავი ქონების ექსპერტების რჩევები დაგეხმარებათ, რომ თქვენთვის ყველაზე შესაფერისი საცხოვრებელი პირობები აირჩიოთ და თქვენი ცხოვრება უფრო კომფორტული გახადოთ. 

დავიწყოთ ქვედა სართულებით...

ბინის მდებარეობა გასასვლელთან ახლოს, რამდენიმე მნიშვნელოვან უპირატესობას ნიშნავს, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე საგანგებო სიტუაციებში. უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს ასეთი მდებარეობისთვის დამახასიათებელი ტემპერატურული რეჟიმიც. 

1. უსაფრთხოება - ხანძრის ან სხვა საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, ქვედა სართულებიდან ევაკუაცია უფრო ადვილი და უსაფრთხოა, განსაკუთრებით ხანდაზმული და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის. 

2. „ზაფხულში გრილი და ზამთარში თბილი“ - წელიწადის ცხელ დროს ქვედა სართული სიგრილეს უფრო კარგად ინარჩუნებს, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია მაღალი ტემპერატურის მქონე რეგიონებში. ზამთარში პირიქით, ქვედა სართული სითბოს ინარჩუნებს, რადგან სარდაფიდან თბილი ჰაერი ზემოთ ადის.  

3. დაბალი ფასი - პირველ და ბოლო სართულებზე მდებარე ბინებზე ყოველთვის დაბალი მოთხოვნაა. შემთხვევითი არ არის, რომ ბევრი დეველოპერი პირველ სართულებს კომერციული ფართებისთვის გამოჰყოფს, ხოლო საცხოვრებელი ფართი მეორე სართულიდან იწყება. აქედან გამომდინარე, ქვედა სართულების ყიდვა 10-20%-ით იაფად შეიძლება. 

4. ნაკლები ხმაური - ქვემოთ მეზობლები არ არიან, შესაბამისად, იმის რისკი, რომ ხმამაღალი მუსიკა, ბავშვების ტირილი და ზრდასრულების ყვირილი შეგაწუხებთ, ნაკლებია. დამატებითი ბონუსი - ქვედა მეზობელი არასოდეს შემოგჩივლებთ, რომ თქვენი ხმაურით წუხდება. 

დაბალი სართულის უარყოფითი მხარე

1. სიცივე და ნესტი - ალბათ გსმენიათ რომ ქვედა სართულებზე მაცხოვრებლებს ხშირად აწუხებთ სიცივე, ნესტი და უსიამოვნო სუნი. თუმცა, ბოლო დროს მშენებლობის ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდა და დეველოპერები ამ რისკების განეიტრალებას ცდილობენ. 

2. სიძველე - საბჭოთა კავშირის დროს აშენებული სახლები ხშირად მიწისქვეშა წყლების, მდინარეების ან წყალსაცავების სიახლოვეს მდებარეობს, რაც პირველი სართულის მაცხოვრებლებისთვის დიდი გამოწვევაა. როგორც წესი, საცხოვრებელი კორპუსები რკინაბეტონისგან შენდება. ბეტონი კი ჰიდროიზოლაციის გარეშე ნესტს ღრუბელივით შთანთქავს. გრუნტის ან წვიმის წყალი ბეტონის ფორებში ადვილად აღწევს, რაც მაღალ ტენიანობას ქმნის.

ტენიანობა სხვა პრობლემასაც იწვევს - ნესტიანი ჰაერი და ნესტიანი ზედაპირები გათბობის მაღალ ხარჯებს მოითხოვს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ნესტიან და დატბორილ სარდაფებში გაყვანილობები მალე ცვდება.

3. კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების საკითხები - სურვილის შემთხვევაში, გამვლელებს პირველი სართულის ფანჯრებში შეხედვა ადვილადდ შეუძლიათ. გარდა ამისა, პირველ და მეორე სართულზე მდებარე ბინის გაძარცვაც ადვილია. ქვედა სართულზე მაცხოვრებლებს  ხშირად აწუხებთ გამვლელების ფეხის ხმა და სადარბაზოს კარის ჯახუნი. 

4. ნაკლები განათება - ცნობილია, რომ ქვედა სართულებზე მდებარე ბინებში მზის შუქი ნაკლებად აღწევს. ამაში გარკვეულ როლს თამაშობს ტერიტორიის გამწვანება და მაღალსართულიანი შენობების სიახლოვე. 

5. დაბინძურებული ჰაერი და ხმაური - როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, საავტომობილო გზებთან სიახლოვისა და ავტომობილების ხმაურის გამო ქვედა სართულების მცხოვრებლები ალერგენების, მტვერისა და ჭვარტლისგან იტანჯებიან. არანაკლებ შეაწუხებელია ქუჩაში ხალხის  ხმამაღალი საუბარიც. კომფორტული საცხოვრებლის შესახებ თანამედროვე წარმოდგენების თანახმად, პირველი სართული (განსაკუთრებით ძველ სახლში) საკმარისად ვერ იცავს თავის მაცხოვრებლებს გარე სივრცისგან.

6. აივნების არარსებობა

7. დატვირთვა ნერვულ სისტემაზე - ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ პირველ სართულზე მცხოვრებლებს შფოთვის შეგრძნება სხვებზე მეტად აწუხებთ. ინტროვერტებისა და სოციალური ფობიის მქონე ადამიანებისთვის ასეთმა ცხოვრებამ შეიძლება მძიმე დისკომფორტი გამოიწვიოს.  ფსიქოლოგი მკვეთრად გამოხატული სოციალური შიშის მქონე ადამიანებს ზედა სართულებზე ცხოვრებას ურჩევს, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მაშინ  ფანჯრებზე სქელი ჟალუზების დამონტაჟებას. 

შუა სართულები (მე-4-მე-6) და მათი უპირატესობები

შუა სართულებამდე ქალაქის ხმაური და მტვერი ნაკლებად აღწევს, თუმცა მზის შუქი კარგად ანათებს. გასაკვირი არ არის, რომ მყიდველებს შორის ყველაზე პოპულარული სწორედ შუა სართულებია.  

მკვლევართა უმეტესობა თანხმდება, რომ მე-2-დან მე-7 სართულამდე მდებარე ბინები ფსიქიკური ჯანმრთელობის თვალსაზრისით უფრო ხელსაყრელია, ვიდრე ქვედა და ზედა სართულები.

სივრცე სიმაღლის შიშის გარეშე - შუა სართულები კარგ ხილვადობას და  უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, თავბრუსხვევის და დისკომფორტის შეგრძნების გარეშე, რაც ზოგჯერ ზედა სართულებზე ხდება.

შუა სართულები ინსოლაციის ოპტიმალურ დონეს უზრუნველყოფენ - ამ ბინებში უფრო მეტი ბუნებრივი განათებაა, ვიდრე ქვედა სართულებზე. გარდა ამისა, შუა სართულები საკმაოდ შორსაა ქუჩიდან, რომელიც ხმაურის მთავარი წყაროა.

რა თქმა უნდა, გარკვეული სირთულეები შუა სართულებზე ცხოვრებასაც ახლავს, თუმცა იმდენად უმნიშვნელო, რომ თქვენს ყურადღებას მათზე არ შევაჩერებთ.

ზედა სართულები (მე-7 სართული და ზემოთ)

ალბათ იშვიათია ადამიანი, რომელსაც დიდი სიმაღლიდან ლამაზი ხედებით ტკბობა არ მოსწონს. ახლა წარმოიდგინეთ როგორი ლამაზი დასანახია აქედან მზის ამოსვლა და ჩასვლა! ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარულთათვის კი ყოველ დღე კიბეებზე სიარული ინსულტისა და გულის შეტევის საწინააღმდეგოდ საუკეთესო ტრენაჟორია.

ექსპერტები თანხმდებიან, რომ მიწიდან რაც უფრო მაღლა ხარ, მით უფრო ნაკლებია ქალაქის მტვერი და ხმაური, რაც სიმშვიდისა და სიმყუდროვის ატმოსფეროს ქმნის. რა თქმა უნდა, არც ფანჯარაში უცხო ადამიანის დანახვის რისკი არსებობს, ამიტომ ზედა სართულებზე სიმშვიდე ნამდვილად გარანტირებული გაქვთ.

უამრავი სიკეთის გარდა, ზედა სართულებს რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაკლი აქვს, რაც ბინის შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ. ერთ-ერთი ისაა, რომ ზედა სართულების ბევრ მაცხოვრებელს სასეირნოდ წასვლა ეზარება, რაც ფიზიკური აქტივობის შემცირებას იწვევს. 

საგანგებო ვითარებაში ზეედა სართულებიდან ევაკუაცია შეიძლება გართულდეს. აქ იგულისხმება ხანძარი და პაციენტის ტრანსპორტირება.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ზედა სართულებზე მდებარე ბინები ზამთარში უფრო ცივია და ზაფხულში უფრო ცხელი, ამიტომ კონდიციონერი აუცილებლად დაგჭირდებათ. ყურადღება უნდა მიაქციოთ გადახურვასაც, რომ წვიმის დროს წყალი არ ჩამოგივიდეთ. 

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ზოგ კორპუსში, განსაკუთრებით ძველ აშენებულში შეიძლება წყლის წნევისა და ვენტილაციის პრობლემა იყოს. 

აკროფობია (სიმაღლის შიში) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფობიაა, რომელიც ადამიანთა თითქმის 6%-ს აწუხებს. ბევრი ადამიანისთვის მაღალ სართულებზე ხანგრძლივად ყოფნა დაძაბულობას, დეპრესიას და სხვა ფსიქოლოგიურ პრობლემებს იწვევს. საბედნიეროდ, არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც ამ ეფექტის შემცირებას ხელს უწყობს: სასიამოვნო ხედი ფანჯრიდან, ფიზიკური აქტივობა და რეგულარული სეირნობა ბუნებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა