პანელის, აგურის თუ მონოლითური - როგორ კორპუსში სჯობს ბინის ყიდვა?
საცხოვრებელი ბინის კლასი და ღირებულება მის ტიპზე, უფრო სწორად, მშენებლობის ტექნოლოგიაზეა დამოკიდებული. მაგალითად, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები შეიძლება პანელის, მონოლითურ და აგურის შენობებად დავყოთ. ვნახოთ რა მსგავსება და განსხვავება და რა დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს თითოეულს?
პანელის სახლი
ამ სამშენებლო ტექნოლოგიის არსი იმაში მდგომარეობს, რომ სახლი კონსტრუქტორივით, ნაწილ-ნაწილ, სამშენებლო ფილებისგან იწყობა. თავის მხრივ, ფილები ერთი ან რამდენიმე ფენისგან მზადდება (რკინაბეტონი, იზოლაცია, მოპირკეთება) და ყველაფერი არმატურით იკვრება. ძველი პანელის სახლებში თბოიზოლაციის პრობლემები ხშირია - ზამთარში ფილები სწრაფად ცივდება, ზაფხულში კი ცხელდება, ამასთან, არსებობს შიდა კედლებზე ბზარების გაჩენის რისკი. ხმის იზოლაციის მხრივაც ბევრი პრობლემაა. შეკეთების გზით მათი მთლიანად მოგვარება შესაძლებელია, თუმცა ეს დამატებით ხარჯებს უკავშირდება.
ძველი პანელის სახლებში ოთახების განლაგების შეცვლა შეუძლებელია. ამასთან, ძველად, ბინებს სტანდარტული განლაგება ჰქონდათ და განსაკუთრებული არქიტექტურითა და დიზაინით არ გამოირჩეოდნენ.
პანელის სახლების უპირატესობები
აღსანიშნავია, რომ თანამედროვე პანელის სახლებში სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ახალი პანლის სახლი უმეტესად, კომფორტული საცხოვრებელია, სადაც ხმისა და თბოიზოლაციის პრობლემები მეტ-ნაკლებდ მოგვარებულია.
პანელური სახლის უპირატესობა მშენებლობის სისწრაფეა - ფილებს ამწეს დახმარებით საძირკველზე დგამენ, შემდეგ ერთმანეთთან აერთებენ და შეერთების ადგილს ბეტონის ხსნარით ავსებენ.
ძველებთან შედარებით, თანამედროვე პანელურ სახლებს გაუმჯობესებული განლაგება, გაცილებით დიდი ფართობი და მაღალი ჭერი აქვთ. ასევე გაზრდილია მზიდი კონსტრუქციების სიმაღლე და თბოიზოლაციის კოეფიციენტი, რომელიც აგურის კედლების თბოიზოლაციას თითქმის არ ჩამოუვარდება. ახალი პანელის სახლი იერითაც უფრო ლამაზი და სასიამოვნოა, ვიდრე ძველი, საბჭოთა.
და მაინც, პანელის სახლის მყიდველისთვის მთავარი უპირატესობა ფასია. სახლი მარტივად და სწრაფად შენდება, ამიტომ მონოლითურ და აგურის ახალ შენობებთან შედარებით, მასში ბინების ღირებულება უფრო დაბალია.
ბოლო ათწლეულში სამშენებლო სფერო განსაკუთრებით განვითარდა და დაიხვეწა, რამაც მშენებლობის პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა, დააჩქარა და კომფორტული გახადა.
ბუნებრივია, ეს თანამედროვე სამშენებლო მასალების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ამ კუთხით ერთ-ერთი გამორჩეული მიგნება სენდვიჩ პანელია, (sendvich paneli), რომელიც სამშენებლო სფეროში ტექნოლოგიურ მიღწევას წარმოადგენს.
ინდუსტრიულ მშენებლობაში სენდვიჩ პანელებმა ტრადიციული სამშენებლო მასალები ჩაანაცვლა. მისი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი თბოიზოლაციის მაღალი კოეფიციენტი და კონსტრუქციის სიმარტივეა. პანელით აწყობილი ნებისმიერი ტიპის კონსტრუქცია მისი მარტივი დემონტაჟის და მეორადი სენდვიჩ პანელების ხელახლა გამოყენების საშუალებას იძლევა.
მონოლითური სახლები
ახალი შენობების უდიდეს ნაწილს მონოლითური სახლები შეადგენს. მათი მშენებლობის ტექნოლოგია პანელის სახლის მშენებლობის ტექნოლოგიისგან რადიკალურად განსხვავდება. მონოლითური კონსტრუქცია რკინა-ბეტონის ნაგებობაა, სადაც შენობის მთელი ჩონჩხი – გარე კედლები, ბინების გამყოფი კედლები და შიდა ტიხრები ბეტონისგან არის ჩამოსხმული და ერთიან კონსტრუქციას ქმნის.
შეგვიძლია გამოვყოთ მონოლითური სახლების მთელი რიგი უპირატესობები.
მონოლითის შემთხვევაში, პანელისგან განსხვავებით ყველაფერი ადგილზე ხდება. თუ პანელური კორპუსების შემთხვევაში ყველა დეტალი სხვაგან მზადდება, შემდეგ სამშენებლო მოედანზე მიაქვთ და უბრალოდ ლეგოსავით აწყობენ, მონოლითი მისი საპირისპირო ტექნოლოგიაა. ეს ტექნოლოგია რკინის გამძლე კარკასზე ბეტონის ეტაპობრივ ჩამოსხმას გულისხმობს. მონოლითური შენობა-ნაგებობა უფრო სიცოცხლისუნარიანი და საიმედოა. ასეთი მშენებლობა, დაცულია სინესტისა და სიცივისგან, ასევე საუკეთესოდ უძლებს მიწისძვრას.
მონოლითური სახლების უპირატესობად ითვლება მაღალი სიმტკიცე და გამძლეობა ნაკერების არარსებობის გამო. მშენებლები ირწმუნებიან, რომ მონოლითური სახლების მომსახურების ვადა 100-150 წელს აღემატება.
მრავალფეროვანი დიზაინი და არქიტექტურა, განლაგების ფართო არჩევანი.
მზიდი კედლების არარსებობის წყალობით, მონოლითურ სახლში ბინის განლაგების საკუთარი გემოვნებით დაგეგმვა შეიძლება. კიდევ ერთი უპირატესობა გარე კედლებისა და ხმის კარგი იზოლაციაა.
მონოლითური სახლის ნაკლოვანებები:
რთული სამშენებლო ტექნოლოგია.
შიდა კედლების დაბალი ხმის იზოლაცია.
ფასი - მონოლითურ შენობებში ბინები უფრო ძვირია, ვიდრე პანელის შენობებში.
აგურის სახლები
სახელწოდებიდანაც ჩანს, რომ ასეთი სახლების ყველა კედელი აგურით არის ნაშენი. შესაბამისად, მშენებლობის პროცესი ხანგრძლივი და ძვირია. როგორც წესი, მრავალსართულიან სახლებს აგურისგან არ აშენებენ, სამაგიეროდ, 3 და 4 სართულიან შენობებზე აგური საშუალებას გაძლევთ განახორციელოთ გარე ფასადის ნებისმიერი იდეა.
აგურის ახალი შენობის სხვა უპირატესობები:
განლაგების მრავალფეროვნება,
შენობის სიმტკიცე და გამძლეობა,
გარემოსდაცვითი კეთილგანწყობა - აგური ბუნებრივი მასალისგან მზადდება (თიხა, ქვიშა, კირი და ა.შ.), ამიტომ ოთახებში იდეალური მიკროკლიმატია. დიახ, აგური უვნებელია და "სუნთქვა" შეუძლია.
აგურის შენობის უპირატესობას განეკუთვნება თბოიზოლაციის მაღალი დონე და შესანიშნავი ხმის იზოლაცია, მინუსი კი მაღალი ფასია. ამის მიზეზი მასალების ღირებულება და მშენებლობის ხანგრძლივობაა. როგორც წესი, აგურის ახალი შენობები ბიზნეს კლასს განეკუთვნება და მისი შეძენა ყველა ადამიანს არ შეუძლია.
რომელი მასალა უნდა ავირჩიო ახალი სახლისთვის?
როგორც ხედავთ, ყველაზე ძვირადღირებული ვარიანტია ახალი აგურის შენობა, რადგან აგური არის ლიდერი სიმტკიცის, გამძლეობისა და იზოლაციის მხრივ, აქვს ყველაზე მრავალფეროვანი არქიტექტურა და დიზაინი, არის ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა მასალა.
ყველაზე იაფი და მარტივი ვარიანტი პანელის სახლია. ძველი ბინის შეძენისას უნდა შეაფასოთ მასალა, სამშენებლო ტექნოლოგია და კედლებზე ტენიანობის წარმოქმნის რისკი. შესაძლოა, რემონტისთვის დამატებითი თანხის გამოყოფა მოგგიწიოთ.
თანამედროვე პანელის სახლები ხარისხით მონოლითურს ბევრად არ ჩამოუვარდება, თუმცა მონოლითი მყიდველების უმეტესობისთვის შესანიშნავი ვარიანტია. მონოლითური სახლი პანელის სახლზე უკეთესი ხარისხისაა და აგურის სახლზე იაფი ღირს. ასე რომ საბოლოო გადაწყვეტილება ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებით უნდა მიიღოთ.