არაყუნა - ქართული ყურძნის ჭაჭითა და ცოცხალი მცენარეებით დამზადებული უნიკალური სასმელი
#წინასაახალწლოსაჩუქარიბიზნესს - სოციალური მხარდაჭერის ფარგლებში, TIA.GE კომპანია "არაყუნას" გაგაცნობთ, რომლის ისტორია პანდემიის პერიოდში დაიწყო.
კომპანია „ანკანაკებას“ მიერ შექმნილი პროდუქცია უკვე ქართულ ბაზარზეა და გამოირჩევა გემოთა კონტრასტულობით, მრავალფეროვნებითა და ნატურალურობით.
როგორც კომპანიის დირექტორი მარიამ შევარდნაძე TIA.GE-ისთან საუბრისას ამბობს, უნიკალური მეთოდით წარმოებული ალკოჰოლური სასმლის დასამზადებლად გამოიყენება ქართული ყურძნის ჭაჭა და ასევე ქართული ცოცხალი მცენარეები.
ამ ეტაპზე "არაყუნა" ხუთ განსხვავებულ არომატს წარმოგვიდგენს: პიტნა, ვარდი, რეჰანი, დაფნა და ფორთოხალი დარიჩინით. გემოების მრავალფეროვანი არჩევანი ნებისმიერი გემოვნების ადამიანის ინტერესს იწვევს.
"ერთ დღეს, როდესაც სამეგობროს ბარში წასვლა და გართობა მოგვინდა, ოჯახის უფროსმა წევრებმა მათთვის უკვე ნაცადი რეცეპტით დამზადებული ალკოჰოლური სასმელით სასიამოვნოდ დროის გაყვანა შემოგვთავაზეს. სასმელი დავაგემოვნეთ, მოგვეწონა და გაჩნდა ყველასთვის სასურველი იდეა - „ბარი სახლიდან გაუსვლელად". მალევე დავიწყეთ იმაზე ფიქრი, როგორ გაგვეხადა ეს სასმელი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი. დღეს ვქმნით "არაყუნას", რომელიც უნიკალური მეთოდით, ქართული ყურძნის ჭაჭით და ცოცხალი ხილით მზადდება. სასმელი გამორჩეულია გემოთა კონტრასტულობით, რაც მომხარებელს ფართო არჩევანს სთავაზობს. გემოების უნივერსალურობის გარდა, იგი მხოლოდ ნატურალურ პროდუქტებს შეიცავს”, - ამბობს მარიამ შევარდნაძე TIA.GE-ისთან.
ადგილობრივი ბაზრის ათვისების გარდა, „ანკანაკებას“ მიზანია, ქართული კულტურის უფრო მეტად პოპულარიზაცია და უნიკალური მეთოდით დამზადებული სასმლის მსოფლიოსთვის წარდგენა.
"არაყუნას" შეძენა ოფიციალური Facebook-ის და Instagram-ის საშუალებით შეგიძლიათ.
"მიწოდება შესაძლებელია მთელი ქვეყნის მასშტაბით. მალე იხილავთ ჩვენს პროდუქციას წამყვანი სუპერმარკეტების დახლებსა და ქვეყნის საუკეთესო ბარებში. გამოგვყევით ფეისბუქსა და ინსტაგრამზე. თვალი ადევნეთ სიახლეებს და არ გამოტოვოთ განსაკუთრებული შეთავაზებები, რომლითაც ხშირად გაგანებივრებთ ხოლმე", - ამბობს მარიამ შევარდნაძე.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გარდა არსებული არომატებისა, "ანკანაკება", "არაყუნას" ასორტიმენტის გამრავალფეროვნებას და ადგილობრივი ბაზრის შემდეგ უცხოურ ბაზრებზე გასვლას გეგმავს.