თეგებით ძიება
30. 11. 2020 ბიზნესი

თაკო მეგრელიძე - დიზაინერი, რომელიც საახალწლო ზღაპარს ქმნის

#წინასაახალწლოსაჩუქარიბიზნესს - სოციალური მხარდაჭერის ფარგლებში, TIA.GE თაკო მეგრელიძეს გაგაცნობთ, რომელიც ულამაზეს საახალწლო მორთულობებზე და დეკორზე მუშაობს.

თაკო მეგრელიძე - დიზაინერი, რომელიც საახალწლო ზღაპარს ქმნის


- ადრე სამკაულზე და ნაქსოვ აქსესუარებზე ვმუშაობდი, საახალწლო აქსესუარებზე ინტენსიურად სამი წელია, ვმუშაობ. წელს უმუშევარი დავრჩი. მთელი ენერგიითა და შემართებით დავიწყე მუშაობა საახალწლო აქსესუარებზე და მხოლოდ ამაზე ვმუშაობ. გაცილებით ეფექტური და დახვეწილია და ჩემი ნამუშევრები ახლა ყველაზე მეტად მომწონს.

საახალწლო დეკორიდან კონკრეტულად რას ქმნით?

- პატარა რომ მეყოლა, როცა დავდგი ნაძვის ხე, ორჯერ გადმოაგდო და ასე ვთქვათ, ემსხვერპლა მას. მოვიფიქრე ასეთი რამ, დავშალე ნაძვის ხე და გავაკეთე კედელზე. ის ძალიან პოპულარული გახდა და შეკვეთებიც მივიღე. პატარა ნაძვის ხეებზე ვმუშაობ, დეკორატიულზე, რომლებიც კონუსის ფორმის სანათებზე კეთდება და იფუთება ნატურალური მცენარეებითა და ქვებით. ასევე ვამზადებ ნაძვის ხის სათამაშოებსაც.

რას ითვალისწინებთ, როცა ნამუშევრებს ქმნით?

ინდივიდუალურად ვითვალისწინებ ყველაფერს და შეკვეთას გააჩნია, რა თქმა უნდა. თუ საჩუქრად სურთ, ვკითხულობ დაბადების დღის თარიღს და ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ქვებით გაწყობას ვთავაზობ. როცა მასალა მაქვს, კონცეფციას ვქმნი, ძირითადად, პასტელის ნაზ ფერებს ვიყენებ და ძალიან ლამაზი გამოდის.

თქვენთან ნივთების შეკვეთა როგორ შეიძლება?

ჩემი მეგობარი მეხმარება, რომ ჩემი ნამუშევრები პირადი გვერდიდან უკვე ოფიციალურ გვერდზე გადავიტანოთ და ხელმისაწვდომი იყოს უფრო ფართო საზოგადოებისთვის. ამჟამად ნამუშევრები ჩემს პირად გვერდზე დევს და შეკვეთაც იქ არის შესაძლებელი. აქამდე არ მქონია იმის დრო, რომ გვერდის შესაქმნელად მომეცალა, ამიტომაც მეხმარება მეგობარი. ვიცი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გვერდის ქონა, მაგრამ სამი შვილი მყავს, სახლში მაქვს სახელოსნო, არ მყავს დამხმარე და ცოტა რთულ პირობებში მიწევს მუშაობა, ღამეებს ვათენებ, რომ ნამუშევრები შევქმნა. ჩემს ახალ გვერდზე აიტვირთება ყველა ჩემი ნამუშევარი, ნახატებიდან დაწყებული, საახალწლო დეკორით დასრულებული. საჯარო პროფილი მაქვს და ბევრი ადამიანი მწერს ისედაც.

- მსურველებს ამ სილამაზეების ფასებიც დააინტერესებს...

90 ლარიდან იწყება პატარა ნაძვის ხეები 180 ლარის ჩათვლით მაქვს ეხლა ჯერჯერობით, თუმცა შეკვეთა მაქვს 180 სანტიმეტრიანი ნაძვის ხის რომელი ფასი 1500 ლარი იქნება, ასევე ნაძვის კედლებს ვამზადებ ეხლა 700-800 ლარის ფარგლებში, ანგელოზები 40 ლარიდან იწყება, რგოლები 30 ლარიდან, იქნება სხვადასხვა სათამაშოებით, კედლის კალათები მაქვს 40 ლარიდან და ტილოზე კომპოზიციები. ფასები, ვფიქრობ, სრულიად მისაღებია. თანაც, თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ ძვირფასი მასალით ვმუშაობ. ყველამ შეიძლება თავისი გემოვნების შესაბამისად შეარჩიოს ნივთი. ფასდაკლებებსაც ხშირად ვაკეთებ და ვცდილობ, ადამიანებს ხელი შევუწყო, რომ მოწონებული ნივთი შეიძინონ. ასევე მაქვს ახალი იდეა – თუკი ვინმეს ექნება სურვილი, რომ ნაძვის ხის აწყობაში და სათამაშოებით მორთვაში, ან საახალწლოდ დეკორის გაკეთებაში დამიხმაროს, ამასაც სიამოვნებით მოვკიდებდი ხელს.








თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა