თეგებით ძიება

"მონებო" – ერთპარტიული პარლამენტი საპროტესტო შეძახილების და საბჭოთა ჰიმნის ფონზე იკრიბება

"ქართული ოცნების" დეპუტატებმა პარლამენტის შენობაში მისვლა დაიწყეს. საკანონმდებლო ორგანოს ორივე შესასვლელთან სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილები. "მონებო" – ამ შეძახილებით მართავენ აქტივისტები აქციას.

პარლამენტის შენობაში ახალი მოწვევის დეპუტატები ამ შეძახილებისა და საბჭოთა კავშირის ჰიმნის ფონზე შედიან. ისინი არჩევნების გაყალბებას და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტის შეკრებას აპროტესტებენ.

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დღეს, 12:00 საათზე გაიხსნება. სხდომას პრეზიდენტი ზურაბიშვილი გახსნის, დარბაზში კი მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატები ისხდებიან.

დღევანდელ სხდომაზე ერთპარტიული კვორუმი პარლამენტის თავმჯდომარედ არჩილ თალაკვაძეს, ვიცესპიკერებად ვოლსკის, კუჭავასა და სერგეენკოს, კომიტეტის თავმჯდომარეებად კი პარტიის სხვადასხვა წევრებს აირჩევს.

საკანონმდებლო ორგანოში სხდომის მიმდინარეობის პარალელურად, ბარიერგადალახული 7 ოპოზიციური პარტია, ახალგაზრდობის სასახლის წინ, საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტასა და პარტიული სიების ჩახსნასთან დაკავშირებით მემორანდუმს მოაწერს ხელს. ამით, ოპოზიციური პარტიები დემონსტრაციულად გამოუცხადებენ, მათივე შეფასებით, არალეგიტიმურ, გაყალბებული არჩევნების შედეგად მიღებულ პარლამენტს.

ხელის მოწერის ცერემონიაში მონაწილეობას არ მიიღებს გირჩი, თუმცა ისინი მაინც უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე და სიებსაც აუქმებენ.

ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც დღეს უარს არ იტყვის საპარლამენტო მანდატებზე, ალეკო ელისაშვილის მოქალაქეებია.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა