ახალი მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომას მართავს
მეათე მოწვევის პარლამენტი პირველი სხდომას მართავს. სხდომა 12:00 საათზე დაიწყო და საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გახსნა, რომელიც ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს სიტყვით მიმართავს.
მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე იმყოფებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგნელები, მათ შორის გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი. აგრეთვე, მთავრობისა და წმინდა სინოდის წევრები.
პროცედურის შესაბამისად, მას შემდეგ, რაც სხდომას პრეზიდენტი გახსნის, სიტყვას პარლამენტის უხუცეს წევრს გადასცემს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის არჩევამდე სხდომას გაუძღვება.
მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარეს, მის მოადგილეებს და კომიტეტის თავმჯდომარეებს აირჩევენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცემული შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, მეათე მოწვევის პარლამენტში ცხრა პოლიტიკური პარტია შედის. პარლამენტში 90 დეპუტატი ხელისუფლებას ეყოლება, ხოლო ოპოზიციის 60 მანდატი ასე გადანაწილდა – „ევროპული საქართველო“ – ხუთი, „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ – 36, „პატრიოტთა ალიანსი“ – ოთხი; „ლეიბორისტული პარტია“ ერთი მანდატი; „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“ – ორი; „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – ოთხი; „გირჩი“ – ოთხი; „ლელო“ – ოთხი.