დეზინფორმაციაა, თითქოს Edison Research-მა საქართველოს მსგავსად, ამერიკაშიც ეგზიტპოლის არასწორი შედეგები გაავრცელა - განახლებული მასალა
რამდენიმე დღის წინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია Edison Research-მა, როგორც საქართველოში, ასევე აშშ-ში არასწორი ეგზიტპოლის შედეგები გაავრცელა. აღნიშული ინფორმაცია, გადამოწმდა და დეზინფორმაცია აღმოჩნდა.
„კერძოდ, Edison Research-ს , აშშ-ის არჩევნების შემთხვევაში 6% იანი ცდომილება აქვს, რადგან მის მიერ არჩევნების დღეს ეროვნულ დონეზე ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, ტრამპს 44% უჭერდა მხარს, ხოლო ჰარისს - 48 %. აქვე აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის მიერ გავრცელებული მონაცემებით, გადამწყვეტ შტატებში კამალა ჰარისი იგებდა, თუმცა ოფიციალური მონაცემები ამ შემთხვევაშიც არ დაემთხვა კვლევის შედეგებს და ტრამპა გაიმარჯვა.
ცდომილება მეტია საქართველოს შემთხვევაში. დავით კეზერაშვილის ტელეკომპანია „ფორმულას" დაკვეთით, ედისონ რისერჩის მიერ ჩატარებული კვლევის მონაცემების მიხედვით, „ქართულ ოცნებას" 40.9 % უჭერდა მხარს. ეს მაშინ, როდესაც მმართველმა გუნდმა ცესკოს მონაცემებით 54,93% აიღო და პარლამენტში 89 მანდატი მიიღო“, - ეწერა გავრცელებულ ინფორმაციაში.
მტკიცება, თითქოს Edison Research-ის ეგზიტპოლის მონაცემები აშშ-ის არჩევნების შედეგებისგან 6%-ით განსხვავდებოდა, დეზინფორმაციულია, იქედან გამომდინარე, რომ რეალურად, ორგანიზაციის მონაცემები რამდენჯერმე განახლდა, რადგან არჩევნების დღეს ისინი ეგზიტპოლებს სამ ტალღად აქვეყნებენ. რიცხვები, რომლებსაც მედია ეყრდნობა, პირველი ეგზიტპოლია, რომლის მონაცემებიც შემდგომში შეიცვალა. Edison Research-ის განახლებული ეგზიტპოლები ასევე არ მიუთითებდა გადამწყვეტ შტაბებში კამალა ჰარისის გამარჯვების შესახებ. 06:30-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპს, ედისონის ეგზიტპოლით, ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 279 ხმა ჰქონდა.