კარლ ჰარცელი: იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე საქართველო დახმარების კიდევ ერთ დიდ პარტიას მიიღებს
კარლ ჰარცელის განცხადებით, პანდემიის პირობებში, ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობებთან მუშაობა. ეს ეხება როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას, ვინაიდან მხოლოდ მთავრობებს, მათი სამინისტროების, თანამშრომლებისა და ქვეყნის მასშტაბით არსებული უწყებების საშუალებით, აქვთ ამ მასშტაბის კრიზისის დაძლევისთვის საჭირო შესაძლებლობები. დიპლომატთან ინტერვიუს დელეგაციის პრესისა და ინფორმაციის გუნდი ავრცელებს.
„ჩვენ პანდემიის პირველი დღეებიდანვე დავიწყეთ მუშაობა საქართველოს მთავრობასთან და დავსახეთ პანდემიასთან ბრძოლის ერთობლივი პრიორიტეტები, მათ შორის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის მიზნების განსაზღვრის კუთხითაც. ჩვენ მივიღებთ გარკვეულ ზომებს იმისათვის, რომ ამ პროგრამის განხორციელებისა და პროგრამისთვის გამოყოფილი სახსრების ხარჯვის სათანადო მონიტორინგი უზრუნველვყოთ. ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან ერთად სათანადო მონიტორინგის განსახორციელებლად. ცალკეულ შემთხვევებში ჩვენ მკაფიოდ განვსაზღვრავთ თუ რას უნდა მოხმარდეს ჩვენი ფული. მაგალითად, ,,მდგრადობის გაზრდის შესახებ ხელშეკრულებაში“ განსაზღვრული გვაქვს კონკრეტული მიზნები, მაგალითად, სულ მცირე 70 000 ოჯახისთვის დამატებითი მიზნობრივი სოციალური დახმარების უზრუნველყოფა, სულ მცირე 30 000 კომპანიის მიერ პანდემიის პირობებში თანამშრომლების შენარჩუნების ხელშეწყობა და საავადმყოფოებისთვის სულ მცირე 150 რეანიმაციული საწოლის გადაცემა. ეს არის ძალიან კონკრეტული მიზნები და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, რომ უკვე გვაქვს კონტროლის ყველა საჭირო ინსტრუმენტი, რომლებსაც მომავალშიც გამოვიყენებთ“ - აღნიშნა დიპლომატმა.
მისივე განცხადებით, უშუალოდ პანდემიასთან ბრძოლაში, ევროკავშირი თანამშრომლობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან.
„ერთად, ჩვენ უკვე გადავეცით საქართველოს სამედიცინო აღჭურვილობის დაახლოებით 2 მილიონი ერთეული, მათ შორის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, სამედიცინო პირბადეები, სპეციალური ტანსაცმელი და სხვა. აგრეთვე, ისეთი სამედიცინო მოწყობილობები, როგორიცაა სასუნთქი აპარატები. იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე საქართველო დახმარების კიდევ ერთ დიდ პარტიას მიიღებს, რასაც მე მოუთმენლად ველი. ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ უშუალოდ პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ ადამიანებს. ჩვენი დახმარება ნაწილდება საქართველოს 9 ლაბორატორიაზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, აგრეთვე 4 000-ზე მეტ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მძღოლსა და ექიმზე, რაც მათ მოვალეობის შესრულებაში ეხმარება. გარდა ამისა, ვატარებთ ტრენინგებს უსაფრთხო მუშაობის წესებზე, სტრესთან გამკლავების საშუალებებსა და სხვა მსგავს საკითხებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყველამ ვიცით თუ რა დატვირთვით, ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასადაც კი უწევთ მუშაობა ამ ადამიანებს და ყველა მათგანი ჩვენგან დიდ მხარდაჭერას იმსახურებს“ - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.
ნოემბრის ბოლოს ევროკავშირმა საქართველოს მაკროფინანსური დახმარების სახით გამოუყო 100 მილიონი ევრო (დაახლოებით 400 მილიონი ლარი) COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მთავრობის დასახმარებლად. ეს არის მხოლოდ ნაწილი COVID-19-ის კრიზისის დაძლევაზე მიმართული იმ 1.5 მილიარდი ლარის ოდენობის უპრეცენდენტო დახმარებისა, რომლის მობილიზება ევროკავშირმა საქართველოსთვის 2020 წლის მარტიდან მოახდინა.