დავფიქრდეთ, გვიღირს თუ არა რესტორანში წასვლა, დღეში 50 კაცის გარდაცვალებად - იმნაძე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა, რომ ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების რიცხვის სტაბილიზაცია მოხდა, მაგრამ ამის გამო შეზღუდვები არ უნდა მოიხსნას.
ამის შესახებ იმნაძემ ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში „თავისუფალ სივრცე“ ისაუბრა.
იმნაძე განმარტავს, რომ ყოველდღიურად მიმდინარეობს იმაზე მსჯელობა, თუ რა შეზღუდვები შეიძლება, შემსუბუქდეს 24 დეკემბერს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა.
„თქვენ თვითონ ხედავთ ციფრებს. მიუხედავად იმისა, რომ ტესტირების დღიური მაჩვენებელი თითქმის ორჯერ გაიზარდა, ჩვენ ისეთი მდგომარეობა გვაქვს, შემთხვევები არ მატულობს.
აჭარაში კლების ტენდენცია ყველაზე კარგად გამოჩნდა. მთლიანად ქვეყანაში ეს კარგად არ ჩანს, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეზღუდვებმა თავისი ფუნქცია შეასრულა. სტაბილიზაცია მიღწეულია. კლების ტენდენცია იგრძნობა. იმედი გვაქვს, რომ ათ დღეში შემთხვევების კლება, შესამჩნევი გახდება.
მოდით, ყველანი დავფიქრდეთ იმაზე, გვიღირს თუ არა, რესტორანში წასვლა, დღეში 50 კაცის გარდაცვალებად… ეს ყველაფერი ასაწონ-დასაწონია“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.