„დისნეიმ” საქართველოს პირველ არხთან კონტრაქტი გააფორმა
კომპანია „დისნეიმ“ საქართველოს პირველ არხთან კონტრაქტი გააფორმა. პირველი იანვრიდან ეთერი Disney-ს 20th century studios, lucasfilm-ის ქართულ ენაზე მაღალი ხარისხით დუბლირებულ ანიმაციებსა და ფილმებს დაეთმობა.
მაყურებელი ცნობილი საუნდტრეკების ქართულ ვერსიებსაც მოისმენს, რაც უპრეცედენტო მოვლენაა ქართულ ტელესივრცეში.
გავრცელებული ინფორმაციით, „პირველი არხი“ ფილმებისა და ანიმაციების გახმოვანებაზე მუშაობას მალე დაიწყებს, 2021 წლის იანვრიდან კი, ისინი თავიანთ მაყურებელს ოფიციალურად ლიცენზირებულ პაკეტს შესთავაზებენ. ხელშეკრულების მიხედვით, „პირველი არხი“ 349 ფილმისა და ანიმაციის ჩვენებას, ორი წელი გააგრძელებს.
აღსანიშნავია, რომ მაყურებელს ფილმების მრავალხმიანი დუბლირებით ნახვის საშუალებასთან ერთად, „დისნეის“ სიმღერების ქართული ვერსიების მოსმენის შესაძლებლობაც მიეცემათ.
„საზოგადოებრივი მაუწყებელი საავტორო უფლებების მიმართულებით არა მხოლოდ ზედმიწევნით იცავს საკანონმდებლო მოთხოვნებს, არამედ ცდილობს, დაამკვიდროს და პოპულარიზაცია გაუწიოს ინტელექტუალური პროდუქციის ოფიციალური ფორმით გავრცელებას. ასევე ბადეში ევროპული, ამერიკული და ქართული პრემიუმ კლასის პროდუქტის განთავსებით ამკვიდრებს სწორედ იმ ღირებულებებს, რაც ქვეყნის და საზოგადოების განვითარების კურსს ასახავს“ – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა – თინათინ ბერძენიშვილმა.