თეგებით ძიება

როდესაც ობიექტური კრიტიკა მოდის მოსახლეობიდან, მე ვარ სოლიდარული - გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე ტიკარაძეს უსმენენ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი ეკატერინე ტიკარაძე გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და იმ მიღწევებსა თუ გამოწვევებზე ისაუბრა, რაც მის უწყებას მიმდინარე წელს შეექმნა.
ტიკარაძე თავის გამოსვლაში შეეხო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დავალიანებას, კოვიდკლინიკების რაოდენობის ზრდას, მის მიმართ კრიტიკასა და ჯანდაცვის სამინისტროს გამართულ მუშაობას:

„ჯანმთელობის ეროვნულმა სააგენტომ უკვე შეძლო ადმინისტრირების იმგვარი მოწესრიგება, რომ უკვე დავძლიეთ არაერთი გამოწვევა. მათ შორის, კლინიკებისადმი ფინანური ანგარიშსწორების ვადები შემცირებულია და მოწესრიგდა. ეს საკითხი მუდმივად წარმოადგენდა სამინისტროსა და პროვაიდერებს შორის დავის საგანს. 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კლინიკების მიმართ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების ჯამური დავალიანება შეადგენდა 361 მილიონ ლარს. 2020 წლის იდენტური პერიოდისთვის დავალიანება იქნება არა უმეტეს 160 მილიონი ლარისა. რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი წლის მანძილზე კლინიკების მიმართ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დავალიანება 200 მილიონი ლარით შემცირდა. გარდა ამისა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაწესებულებებს ფინანსური მდგრადობის შენარჩუნებისთვის მათი ერთი თვის ვალდებულება წინასწარ გადავუხადოთ.

პირველადი ჯანდაცვის სექტორის უდიდესი როლი აქვს კოვიდის მართვაში. მიმდინარე წლის 2 აპრილიდან ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა ონლაინ კლინიკების პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც ოჯახის ექიმების მიერ, ყოველდღიურად ხორციელდება კოვიდ პაციენტების დისტანციური მართვა. თავდაპირველად პროცესში ჩართული იყო 25 ონლაინ კლინიკა.

დღეისათვის კლინიკების რაოდენობა 65-მდეა გაზრდილი. 2 აპრილიდან დღემდე ონლაინ კლინიკის ექიმების მიერ მოხდა 250 000-მდე ზარზე რეაგირება და შემდგომი მსვლელობის მიცემა

...თუ მარტის დასაწყისში საწოლფონდი შეადგენდა 15 კლინიკაში მობილიზებულ 826 საწოლს, მაჩვენებლი დღეისათვის არის 10-ჯერ გაზრდილი. დღეს სისტემაში მონაწილეობს 96 საავადმყოფო 7200 მდე საწოლით, რისი გაფართოების საშუალებაც ჩვენ, რა თქმა უნდა, კიდევ გვაქვს. საწოლების აღნიშნულ რაოდენობას დაემატა კოვიდის მართვაში ჩართული სასტუმროები. მოგეხსენებათ, წლის დასაწყისში სასტუმრო მხოლოდ კარანტინისთვის და ცხელების მქონე პაციენტებისთვის გამოიყენებოდა, დღეს უკვე სასტუმროს კლინიკური სტატუსი აქვს და იგი წარმოადგენს შუალედურ რგოლს ბინასა და ჰოსპიტალში მკურნალობას შორის. კლინიკურ სასტუმროებში წარმოდგენილია ის მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აღჭურვილობა, რომელიც საჭიროა შედარებით რთული მდგომარეობის მართვისთვის. სწორედ სასტუმროებით არის ჩანაცვლებული ის სავალე ჰოსპიტლები, რომელის განხსნისკენაც აქტიურად მოგვიწოდებდნენ კონკრეტული ჯგუფები. ჯანდაცვის სამინისტრომ კი ბევრად უფრო ორგანიზებული, უსაფრთხო და გამართული პრაქტიკა დანერგა კლინიკურ სასტუმროებში მკურნალობით, სადაც ინფიცირებულებს ზედამხედველობას უწევენ კვალიფიციური ექიმები. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ, რომ კლინიკურ სასტუმროებში მედპერსონალს შორის ინფიცირების მაჩვენებელი არის დაბალი და გაზაფხულის შემდეგ მხოლოდ 3 მედპერსონალის დაინიფიცირება ფიქსირდება აქ. დღეისათვის კლინიკურ სასტუმროში მობილიზებულია 9500 საწოლი. სულ ახალხანს საქართველოში იცით, რომ იმყოფებოდა ძალიან მაღალი რანგის სტუმარი, რომელმაც მოინახულა მთელი ჩვენი სისტემა, კლინიკური სასტუმრო და აღნიშნა, რომ ეს არის ის პრაქტიკა, რომელიც უნდა გაზიარდეს სხვა ქვეყნებშიც და იქაც დაინერგოს.

მედპერსონალის საქმიანობის ნაწილში განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო გადაუდებელი დახმარების ექიმებზე, რომლებიც შესაძლებლობიდან გამომდინარე უმოკლეს დროში ახერხებენ სწრაფ რეაგირებას მოქალაქეთა დასახმარებლად.

2020 წლის პირველი იანვრიდან გადაუდებელი დახმარება გაეწია მილიონ 200 ათას მოქალაქეს. სასწრაფოს დაგვიანება არაერთხელ გამხდარა განსჯის საგანი, რაზეც მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც ობიექტური კრიტიკა მოდის მოსახლეობიდან, მე ვარ სოლიდარული, მაგრამ როდესაც მიზანმიმართული ნეგატივი მოდის დესტრუქციული ჯგუფებიდან, ყველამ უნდა გავიხსენოთ, თუ რამდენად დიდი შრომის ფასად უწევს სასწრაფოს ექიმებს პანდემიის სირთულეებთან გამკლავება. დღეისთვის მნიშვნელოვნად არის შემცირებული სასწრაფო დახმარების გამოძახებაზე რეაგირების დრო, შესაბამისად, შემცირდა გამოძახების დაყოვნების მაჩვენებელი. გამოძახებაზე საშუალო მოლოდინის დრო წინა პერიოდში იყო საათი და 24 წუთი, რომელიც 20 წუთამდე არის შემცირებული. გადაუდებელი დახმარების გაუმჯობესება ჩვენი პრიორიტეტია.

2020 წელს გადაუდებელი დახმარების სამსახური სამინისტროს ქოლგის ქვეშ გაერთიანდა, ამავე წელს ერთად გადავდგით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ცენტრს 140 ახალი ავტომობილი გადაეცა, გაიხსნა სასწრაფო დახმარების 26 ახალი ადმინისტრაციული შენობა, სამედიცინო პერსონალის ხელფასი და მომავალ წელს ასევე განსაზღვრულია მილიონნახევარი ლარი, რათა უზრუნველყოთ ჩვენი სამედიცინო პერსონალის სამედიცინო დაზღვევა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა