"კესარიამ გენეტიკური მასალა საზღვარგარეთ გაყინა და შვილის გაჩენას აპირებდა" - რას წერს Daily Mail-ი კესარია აბრამიძესა და თბილისში მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე
კესარია აბრამიძის გარდაცვალების შესახებ ბრიტანული გაზეთი DailyMail-ი წერს: გამოცემის ინფორმაციით, "37 წლის კესარია აბრამიძე მას შემდეგ მოკლეს, რაც ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში პარლამენტმა მიიღო კანონი ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ".
სტატიის თანახმად, კესარია აბრამიძე საქართველოში პოპულარული სქესის შეცვლის ოპერაციის შემდეგ გახდა. მან თავისი ქვეყანა Miss Trans Star International-ზე წარადგინა და სოციალურ ქსელში ნახევარ მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა.
DailyMail-ის ინფორმაციით, სქესის შეცვლის პროცედურამდე კესარიამ გენეტიკური მასალა საზღვარგარეთ გაყინა და შვილის გაჩენასაც აპირებდა. მისი მკვლელობა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ტრანსგენდერი ქალის მესამე გახმაურებული მკვლელობაა.
ახალი კანონის მიღებას თბილისში დიდი ბრიტანეთის საელჩო და საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა:
„გაერთიანებული სამეფო სერიოზულად არის შეშფოთებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტის მესამე მოსმენით მიღებით. ეს პაკეტი ძირს უთხრის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებას" - ნათქვამია განცხადებაში.
„საზარელი მკვლელობა! ადამიანურობის უარყოფა! ეს თუ გამოაფხიზლებს ჩვენ საზოგადოებას… სიძულვილში ჩაფლული, სიძულვილი რომელიც მტერს აძლევს ყველა მანიპულაციის საშუალებას, რომელიც გვასუსტებს და გვაცალკაცებს. ამ მშვენიერი ახალგაზრდა ქალის სიკვდილი ჩვენ გაადამიანურებას და გაქრისტიანებას მაინც გამოადგეს … ტყუილად არ ჩაიაროს ამ ტრაგედიამ!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე, გუშინ საღამოს, საკუთარ სახლში მოკლეს. მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავებმა 27 წლის ბექა ჯაიანი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ბექა ჯაიანი ერთ-ერთი ღამის კლუბის თანამშრომელია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.