"ბექა მასთან სახლში რჩებოდა ხოლმე, კესოს ფულითაც სარგებლობდა, მუდმივად კუნთებზე იყურებოდა და კესარიაზეც ხშირად ძალადობდა" - რა გახდა მკვლელობის მიზეზი?
ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული 27 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ბრალდებული სამართალდამცავებმა იმ დროს აიყვანეს, როცა ის ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.
შემთხვევის ადგილზე არსებული სათვალთვალო კამერებიდან ამოღებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს, თუ როგორ მიდის ბრალდებული კესარია აბრამიძის საცხოვრებელ კორპუსთან დაახლოებით 19:00 საათზე და დაახლოებით, 15 წუთში როგორ ტოვებს სადარბაზოს.
მოკლულის მეზობლების განცხადებით, მათ ყვირილის ხმა გაიგეს, აბრამიძის სახლთან მისულმა ერთ-ერთმა მეზობელმა კი ახალგაზრდა ქალი მოკლული იპოვა. მას 50-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული. მეზობლების განმარტებითვე, აღნიშნულ მამაკაცს ისინი ხშირად ხედავდნენ. მათივე ცნობით, აბრამიძეს ბექა ჯაიანის მხრიდან მუქარაზეც არაერთხელ უსაუბრია.
არსებული ინფორმაციით, ბექა ჯაიანი მკვლელობის მოტივად შანტაჟს ასახელებს.
სანდო წყაროს ინფორმაციით, "ჯაიანი ამბობს, რომ მას მკვლელობა წინასწარ განზრახული არ ჰქონია. მისი თქმით, კესარია აბრამიძე მას ცოლად მოყვანას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფოტოების გავრცელებით აშანტაჟებდა. მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, კესარია აბრამიძემ მართლაც დადო სოციალურ ქსელში მის ბოიფრენდთან ერთად გადაღებული ფოტო. აბრამიძესთან ასულ ჯაიანს ფოტოები რომ უნახავს, წყობიდან გამოსულა“.
AMBEBI.GE-ს წყარო ჯაიანის გარემოცვიდან უამბობს:
"ბექა და კესარია ერთადაც ცხოვრობდნენ, ბექა მასთან სახლში რჩებოდა ხოლმე, კესოს ფულითაც სარგებლობდა. ვიცოდით, რომ მისი პარტნიორი იყო. მეგობრები ურჩევდნენ, მისთვის თავი დაენებებინა. ბოლო დროს თითქოს დაშორდნენ კიდეც, ურთიერთობა დაეძაბათ. ბექა თავის წრეში ჰყვებოდა, რომ მასთან კონტაქტი არ ჰქონდა, რომ თავი დაანება და კესარია სხვასთან, მის ახლობელთან დადიოდა. ალბათ "უტყდებოდა" მეგობრებთან სიმართლის თქმა და ეს მოიგონა. იმასაც ამბობდა, რომ კესო მას აშანტაჟებდა - ცოლად თუ არ მოიყვანდა, ფოტოების გამოქვეყნებით ემუქრებოდა. იმ დროს, როცა ის მეგობრებთან უარყოფდა, მასთან ურთიერთობა არ მაქვსო, სწორედ მაშინ აუსრულა კესარიამ მუქარა და სოციალურ ქსელში ერთობლივი ფოტოები გამოაქვეყნა.
ვფიქრობ, ქალმა ვერ დაუშვა, რომ ამის გამო ბექა მოსაკლავად გაიმეტებდა. გამწარებულ ჯაიანს პროდუქტებთან ერთად დანა უყიდია და ისე ასულა ქალთან, ანუ კესო წინასწარი განზრახვით მოკლა. მკვლელობამდე ტელეფონზე მათ უსიამოვნო საუბარი ჰქონიათ. ვფიქრობ, ამ ამბის „გაბაზრება“ გახდა მკვლელობის მოტივი. ის პროდუქტებიც ალბათ იმიტომ აიტანა, იფიქრა, ასე უფრო გამიღებს კარსო. რა ვიცი, ზოგადად ბექა ბავშვობიდან კონფლიქტური იყო, მუდმივად კუნთებზე იყურებოდა და ამბობენ, კესარიაზეც ხშირად ძალადობდა. ასეთ დასასრულს არ ველოდით, არ ვიცი, საიდან, ასეთი სისასტიკე"...