თეგებით ძიება

დაფინანსებას პარტიები მომდევნო 6 თვის განმავლობაში მიიღებენ

პოლიტიკური პარტიები საბიუჯეტო დაფინანსებას მომდევნო 6 თვის განმავლობაში მიიღებენ, – ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ყველა პოლიტიკური პარტია, ვინც ცესკოში განაცხადი შეიტანა და დაფინანსება მოიპოვა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. წარმოდგენილი კანონპროექტით კი გათვალისწინებული არ არის დეკემბერში და მომდევნო თვეებში პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტა.

„ეს კანონპროექტი დაარეგულირებს შემდგომში წარმოშობილ ურთიერთობებს და კიდევ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში პოლიტიკური პარტიები დაფინანსებას მიიღებენ. ჩვენ ამ დაფინანსებას არავის ვუწყვეტთ“, – განმარტა ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხი უნდა რეგულირდებოდეს დემოკრატიის პრინციპის შესაბამისად, სამართლიანად და ინიცირებული ცვლილებები სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

„პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებით ხდება მსჯელობა საკითხზე, როცა ამომრჩეველმა გააკეთა საკუთარი არჩევანი და დაავალა პოლიტიკურ პარტიას შესაბამისი ინტერესების წარმოდგენა და წარმომადგენლობის განხორციელება, რაც არის დემოკრატიის მთავარი პრინციპის ფუნდამენტი. თუკი პოლიტიკური პარტია უგულებელყოფს ამომრჩევლის ნებას, უგულებელყოფს დემოკრატიის პრინციპს, საბოტაჟს უცხადებს როგორც ამომრჩეველს, ასევე დემოკრატიის პრინციპს და პარლამენტს როგორც კონსტიტუციურ ორგანოს, ამ შემთხვევაში პარტიის დაფინანსება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილავენ. კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, რატი იონათამიშვილი და დავით მათიკაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა