დახურულ ობიექტებს დასუფთავების მოსაკრებელი მოეხსნებათ
კვების იმ ობიექტებისთვის, რომლებიც ადგილზე გასცემენ ან მიწოდების სერვისს ახორციელებენ, დასუფთავების მოსაკრებელის თანხა შეიცვლება და საკონდიტროებისთვის დაწესებული მოსაკრებლის ოდენობა იქნება, – ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, იმ ობიექტებს, რომლებმაც პანდემიის გამო მუშაობა შეწყვიტეს, დასუფთავების მოსაკრებელი მთლიანად მოეხსნებათ.
„შეღავათი ეხებათ კვების ობიექტებს. მოგეხსენებათ, რომ რესტორნები და სხვა კვების ობიექტები ადგილზე გასცემენ ან მიწოდების სერვისს ახორციელებენ და სტუმრებს ვერ მასპინძლობენ შესაბამისად ამ პერიოდში, მათთვის დასუფთავების მოსაკრებელი, საკონდიტროებისთვის დაწესებული მოსაკრებლის ოდენობა იქნება, რაც 8-ჯერ ნაკლებია. რაც შეეხება იმ ობიექტებს, რომლებიც საერთოდ ვერ ფუნქციონირებენ და დახურულები არიან ამ პანდემიის გამო, შეუძლიათ განცხადებით მიმართონ „თბილსერვის ჯგუფს” და ამ პერიოდში მთლიანად მოეხსნებათ დასუფთავების მოსაკრებელი”, – განაცხადა კახა კალაძემ.