საქსტატის ახალი მეთოდოლოგიით უმუშევრობა გაიზარდა, დასაქმების მაჩვენებელი კი შემცირდა
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ახალი სტანდარტებით დათვლილი დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებელი გამოაქვეყნა.
ახალი სტანდარტის დანერგვით გამოწვეული მონაცემთა გადაანგარიშების შედეგად, ადრე გამოქვეყნებულ მონაცემებთან შედარებით, გაიზარდა უმუშევრობის და შემცირდა დასაქმების მაჩვენებელი.
2019 წელს, ძველი მეთოდოლოგიით დათვლილ მონაცემებთან შედარებით, საქართველოში უმუშევრობის დონე გაცილებით მაღალ დონეზე დაფიქსირდა და 17,6 პროცენტი შეადგინა (ძველი მეთოდოლოგიით 11,6 პროცენტი), დასაქმების დონე კი, ამავე პერიოდში, 13-15 პროცენტული პუნქტით დაბალია ძველ სტანდარტთან შედარებით და 42,7 პროცენტია (ძველი სტანდარტით 55,7 პროცენტი).
ასეთი ცვლილებები გამოწვეულია იმით, რომ განახლებული მეთოდოლოგიით, თვითდასაქმებულებად აღარ ჩაითვლებიან საკუთარ ოჯახურ მეურნეობაში მომუშავე პირები, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის 50 პროცენტზე მეტს საკუთარი მოხმარებისთვის აწარმოებენ. აღნიშნული სტატუსის მქონე პირებმა უმუშევართა, ან სამუშაოს მაძიებელთა კატეგორიაში გადაინაცვლეს.
„შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ახალი სტანდარტის დანერგვა ითვალისწინებს თვითდასაქმებულთა გადაკვალიფიცირებას და სამუშაო ძალის დამატებითი ინდიკატორების გაანგარიშებას. კერძოდ, ახალი სტანდარტით თვითდასაქმებულად აღარ ითვლებიან საკუთარ ოჯახურ მეურნეობაში მომუშავე პირები, რომლებიც არ არიან ბაზარზე ორიენტირებულები და სასოფლო სამეურნეო პროდუქციას აწარმოებენ უმთავრესად (50%-ზე მეტი) საკუთარი მოხმარებისათვის. აღნიშნული სტატუსის მქონე პირები გადაკვალიფიცირდნენ ან უმუშევართაკატეგორიაში, ან მოსახლეობაში სამუშაო ძალის გარეთ, იმის მიხედვით, ეძებდნენ თუ არა სამუშაოს და მზად იყვნენ თუ არა სამუშაოს დასაწყებად“, – განაცხადა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელმა გოგიტა თოდრაძემ.
რაც შეეხება 2020 წლის სამი კვარტლის მონაცემებს, ახალი სტანდარტით, 2020 წლის მე-3 კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 17.0 პროცენტი შეადგინა. დასაქმების მაჩვენებელი კი 1,3 პროცენტით 41.8 პროცენტამდე შემცირდა.
1ტვ