გიორგი ვაშაძე - „ნაცმოძრაობამ“ როგორც ალტერნატივამ დრო მოჭამა - გვინდა, მესამე, მძლავრი ცენტრი შევქმნათ
ხალხს უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვართ „ქართული ოცნების“ რეალური ალტერნატივა. ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“, როგორც ალტერნატივამ უკვე დრო მოჭამა, სიახლე აქაც საჭიროა და სიახლის როლზე შეგვიძლია ჩვენ ვიმუშაოთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.
მისივე თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ წინასაარჩევნო ბლოკებს ან კოალიციებს აღარ გეგმავს და სურს ,,მძლავრი მესამე ცენტრი“ შექმნას, სადაც სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ითანამშრომლებს.
"მე არ მიყვარს წარსულ დროზე დარდი, თუმცა წარსული უნდა გაანალიზო, რომ სწორი ნაბიჯები გადადგა მომავალში. ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნება თუ ოპოზიციური პარტიები შემდგომი არჩევნებისთვის უფრო კონსოლიდაციის და თანამშრომლობის გზით წავალთ. ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ ორ პოლუსს და ვგულისხმობ დანარჩენ პოლიტიკურ ძალებს. 25%-მდე ხმები სხვადასხვა პარტიებზე გადანაწილდა, ამის კონსოლიდაციის ძალიან დიდი რესურსია. რაც „სტრატეგია აღმაშენებელს“ აკლდა - ჩვენ ვერ შევძელით დამოუკიდებლად ძალა გამოგვესხივებინა, რომ ხალხს დაენახა, რომ ჩვენ ვართ საბოლოო ალტერნატივა „ქართული ოცნების“. ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ ხალხს უნდა სიახლეები. ძველ, დიდი ხნის პარტიებს საკმაოდ დაბალი შედეგები აქვთ. პოლიტიკური ძალის დემონსტრირებას დიდი მნიშვნელობა აქვს - ამას მეც, „ლელოც“ და სხვა პოლიტიკური ძალები ძალიან კარგად ხვდებიან. ხალხს უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვართ რეალური ალტერნატივა „ქართული ოცნების“. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ როგორც ალტერნატივამ უკვე დრო მოჭამა, სიახლე აქაც საჭიროა და სიახლის როლზე შეგვიძლია ჩვენ ვიმუშაოთ. როგორ ჩანს, ,,ნაციონალურ მოძრაობაში“ არის შიდა ტურბულენციები. მივულოცავ ნიკა მელიას ამ პოზიციაზე არჩევას, რომელიც არის დიდი პასუხისმგებლობა. ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ თვითონ უნდა გადაწყვიტოს როგორ გააგრძელებს თავის სამომავლო სტრატეგიას. ჩვენ ,,სტრატეგია აღმაშენებელი“ წინასაარჩევნო ბლოკებს და კოალიციებს აღარ ვგეგმავთ ,,ნაციონალურ მოძრაობასთან“. ჩვენ ვიყავით ,,ძალა ერთობაშია" ერთად, თუმცა ახლა უფრო გვინდა მესამე, მძლავრი ცენტრი შევქმნათ, სადაც ვითანამშრომლებთ სხვა პოლიტიკურ პარტიებთან. ნიკა მელია შედარებით ახალი მოსულია პოლიტიკაში, ამ ტიპის „ნაციონალური მოძრაობა“ სხვა სახის თავსატეხია. ორპულისიანი სისტემა ჩამოსანგრევი და ჩამოსაშლელია, ამაზე უნდა ვიმუშაოთ ყველამ და მძლავრი მესამე პოლუსი უნდა შევქმნათ“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
"ინტერპრესნიუსი"