თეგებით ძიება

სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა იურისტების ჯგუფი, რომლებიც აქციაზე დაკავებულ პირებს სამართლებრივ კონსულტაციებს გაუწევენ

სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ადვოკატების ნაწილთან ერთად ბრიფინგი გამართა. პრეზიდენტის თქმით, ისინი აქციაზე დაკავებულ და დაჯარიმებულ პირებს სამართლებრივ კონსულტაციებს გაუწევენ.

„ეს ჯგუფი არის ადვოკატებისა და იურისტების ჯგუფი, რომლებიც შეიკრიბნენ, რომ დაიცვან ჩვენი მოქალაქეები, მისცენ მათ სამართლებრივი რჩევები. ამისთვის მგონი ცხელი ხაზიც იქნება, თუ არის უკვე და შემდეგ მათ გაუწიონ ყველა ის დახმარება, რაც სჭირდებათ. ეს ყველაფერი იქნება უსასყიდლოდ. ეს არის ძალიან დიდი, მე ვიტყოდი სამოქალაქო შეგრძნების გამოხატულება. ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის ეს, რაც ხდება. ეს არის ის, რაც ქმნის საზოგადოებას. ჩვენ თვალწინ სხვადასხვა კუთხით და მიმართულებით იქმნება ნამდვილი ქართული თავისუფალი საზოგადოება. მე ამას არა მხოლოდ მივესალმები, არამედ ეს არის ჩვენი იმედის წყარო, რადგან ჩამოყალიბებულ საზოგადოებას ვერასოდეს ვერც ერთი რეჟიმი ვერ დაუპირისპირდება, ვერ მოუგებს. შემართებული ადამიანებით ჩამოყალიბებული საზოგადოება ეს არის ის, რაც ყოველთვის ყველაფერზე გაიმარჯვებს.

მინდა, ამ ადამიანებს ვუთხრა, რომ ეს ჩვენგან მართლაც დიდ მადლიერებას იწვევს, რადგან ჩვენ გვინდა, რომ ეს ადამიანები, ვინც დღეს ციხეში არიან ან ვისაც ხვალ დაემუქრებიან, კიდევ უფრო დაცული იყვნენ.  გვინდა, ისინი რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდნენ ციხიდან. მე ამაშიც ვარ დარწმუნებული, რომ ძალიან სწრაფად გათავისუფლდებიან, რადგან სხვა გზა ამ რეჟიმს არ ექნება. ვიდრე ეს არ მომხდარა, მანამდე თქვენი საქმეა და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ყველას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, ბრიფინგზე იმყოფებოდა „მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებელი ეკა ბესელიაც, რომელმაც განაცხადა, რომ ჯგუფს კოორდინაციას გაუწევს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა