სამადაშვილი: ქართულ პოლიტიკას სჭირდება ძალიან საფუძვლიანი განახლება, საზოგადოებაც დაიღალა ერთი და იგივე სახეების ყურებით
ქართულ პოლიტიკას სჭირდება ძალიან საფუძვლიანი განახლება, საზოგადოებაც დაიღალა ერთი და იგივე სახეების ყურებით, პოლიტიკაში უნდა ჩაერთონ ახალგაზრდები ახალი ხედვებითა და იდეებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
„ზოგადად, ქართულ პოლიტიკას სჭირდება ძალიან საფუძვლიანი განახლება ადამიანების და იმ შემადგენლობის, ვინც დღეს იბრძვის საქართველოს უკეთესი მომავლისთვის, დემოკრატიისთვის, ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. იგივე, თუნდაც 20 ივნისის შემდეგ წარმოქმნილ ახალგაზრდულ მოძრაობაში ვნახეთ, რომ გვყავს მართლა გამორჩეული, სრულიად ახალი თაობა წამოვიდა ადამიანების, სხვა ღირებულებების, სხვა გარემოში ჩამოყალიბებული, ნამდვილი, თავისუფალი ადამიანები, მე ვფიქრობ, ამ ადამიანებს უნდა მიეცეთ პოლიტიკური ასპარეზი, დროა ამისთვის. მგონი, საზოგადოებაც დაიღალა ერთი და იგივე სახეების ყურებით. არა მხოლოდ აქტივისტები, ასევე პროფესიონალურ სფეროში ჩვენ გვყავს უამრავი ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა დასავლური განათლებით, დასავლური ღირებულებების, მართლა ნამდვილი ევროპული მსოფლმხედველობის ხალხი. ეს ხალხი უნდა ჩაერთოს საზოგადოებრივ პროცესებში, პოლიტიკაში, რადგან სხვანაირად მე ვერ ვხედავ, ჩვენი ქვეყანა როგორ შექმნის უკეთეს მომავალს.
მე შემიძლია გითხრათ ჩემი აზრი, რა სჭირდება ზოგადად პოლიტიკურ სპექტრს და მათ შორის, „ნაციონალურ მოძრაობასაც“, ეს არის განახლება, ერთგვარი მოზიდვა ახალი ადამიანების, ახალგაზრდების, ახალი ხედვებითა და პოლიტიკური იდეებით. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციაში ჩემი აზრით, გაცილებით მეტი პოლიტიკური ნიჭია, ვიდრე ხელისუფლებაში, ოპოზიციასაც სჭირდება ახალი პოლიტიკური იდეები“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა.