პარლამენტმა 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დეპუტატებმა 82 ხმით მიიღეს.
სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების მოცულობა 2020 წლის ბიუჯეტთან შედარებით 221.9 მლნ ლარით იზრდება და 18 384.5 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც 890 მლნ ლარზე მეტი გათვალისწინებულია ახალი კორონავირუსის პანდემიის და მისგან გამოწვეული კრიზისის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაფინანსებისთვის.
როგორც ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ბიუჯეტის წარდგენისას განაცხადა, 2021 წლის ნაერთი ბიუჯეტის მოცულობა 20 მილიარდ 723 მილიონ ლარს შეადგენს, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტი 18 მილიარდ 385 მილიონი ლარია, ადგილობრივი ბიუჯეტები 3 მილიარდ 125 მილიონი ლარი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივ ბიუჯეტში მიმართული თანხები 787 მილიონ ლარს შეადგენს.
2021 წლისათვის მოსალოდნელია მშპ-ის ზრდა 4.3%-ის ფარგლებში, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში საშუალოდ 5.5%-ის ფარგლებში შენარჩუნდება.