აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშვნა მიულოცა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ რიკერმა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და არსებული პარტნიორობის გაძლიერების იმედი გამოთქვა.
საქართველოს მთავრობის მეთაურსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა.
გიორგი გახარიამ ფილიპ რიკერს მადლობა გადაუხადა 132 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფისთვის, რომელიც აშშ-ის 2021 წლის ფისკალური წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული.
საუბრისას ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითად მიმართულებაზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროებაზე. ასევე, აღინიშნა დემოკრატიზაციისა და კანონის უზენაესობის კუთხით თანამშრომლობის და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების აუცილებლობა.
პრემიერ-მინისტრმა აშშ-ს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისა და ახალ ადმინისტრაციასთან წარმატებული თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.