თეგებით ძიება

“საქსტატის” მონაცემებით, 1 წლის განმავლობაში ზეთი 27%-ით, რძის ნაწარმი 11%-ით, პური და პურპროდუქტები 7%-ით, თევზეული კი 8.8%-ით გაძვირდა

“საქსტატის” მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში ზეთი 27%-ით, რძის ნაწარმი 11%-ით, პური და პურპროდუქტები 7%-ით, თევზეული კი 8.8%-ით გაძვირდა. “საქსტატმა” დეკემბრის ინფლაციის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2020 წლის დეკემბერში წლიური ინფლაციის დონემ 2.4 % შეადგინა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.19 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (27.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (13.4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (11.3 პროცენტი), თევზეული (8.8 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (7 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.5 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (3.3 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.7 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-4.5 პროცენტი). ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები მომატებულია 9.6 პროცენტით, რაც 0.76 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე.

ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (13.6 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11.9 პროცენტი) ქვეჯგუფებზე. ავეჯის, საოჯახო ნივთების და სახლის მოვლის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 9.5 პროცენტიანი მატება, რაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0.56 პროცენტული პუნქტით აისახა. კერძოდ, ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (11.2 პროცენტი), მინის ჭურჭელი, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (11.2 პროცენტი), ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (9.1 პროცენტი), ინსტრუმენტები, მოწყობილობა და ტექნიკა სახლისა და ბაღისთვის (8.2 პროცენტი), საოჯახო საფეიქრო ნაწარმი (6.7 პროცენტი), გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები, დაყენებისა და რემონტის ჩათვლით (5.9 პროცენტი). ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 8.6 პროცენტიანი მატება.

შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.56 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (12.7 პროცენტი), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (5.4 პროცენტი). ჯგუფში: საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი დაფიქსირდა ფასების 21.7 პროცენტიანი კლება, რაც -1.94 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები შემცირებულია ქვეჯგუფებზე: წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (-36.5 პროცენტი) და ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (-30.1 პროცენტი).


"ინტერპრესნიუსი"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა