თეგებით ძიება
06. 01. 2021 მსოფლიო

აშშ-ის კონგრესმა დღეს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაამტკიცოს

აშშ-ის კონგრესში დღეს ორი პალატის ერთობლივი სხდომა გაიმართება, სადაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაამტკიცონ.

15 დეკემბერს ამომრჩეველთა კოლეგიამ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება დაამტკიცა. 3 ნოემბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, „დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 306 ხმა მიიღო, ხოლო მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა - 232 ხმა.

მოქმედი პროცედურის თანახმად, კონგრესის წევრები უფლებამოსილნი არიან ამა თუ იმ შტატში არჩევნების შედეგების დამტკიცება გააპროტესტონ. წარმომადგენელთა პალატის ერთმა წევრმა და ერთმა სენატორმა პროტესტი წერილობითი ფორმით უნდა დააფიქსირონ.

რესპუბლიკელი სენატორებისა და კონგრესმენების ნაწილი აცხადებს, რომ ზოგიერთ შტატში არჩევნების შედეგების გასაჩივრებას აპირებს. სენატორები ე.წ. მერყევ შტატებში სავარაუდო დარღვევების გამოსაძიებლად ორპარტიული საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას კონგრესის ორივე პალატის თანხმობა სჭირდება, რაც იმ პირობებში, როდესაც წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატები უმრავლესობას ფლობენ, ნაკლებად სავარაუდოა.

ამგვარი პროტესტის შემთხვევაში, აშშ-ის კონგრესის ერთობლივი სხდომა შეჩერდება და კონგრესის ორივე პალატა აღნიშნულ საკითხს ცალკე განიხილავს და მას კენჭს უყრის. თუ აშშ-ის კონგრესის ერთი პალატა მაინც არ დაეთანხმება არჩევნების შედეგების გაპროტესტებას, პროტესტი უარყოფილი იქნება.

აშშ-ის კონგრესის ერთობლივი სხდომა ადგილობრივი დროით 13:00 საათზე (თბილისის დროით 22:00 საათზე) დაიწყება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა