ალექსანდრე გოგინავა - უმჯობესია ისევ იყოს შეზღუდვები, რათა გაზაფხულზე ბევრად უფრო მსუბუქ პირობებში მოგვიწიოს ცხოვრება
იანვრის ბოლომდე თუ მივედით ისე, რომ სტაბილური კლება იქნება და არ იქნება 2 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა, თებერვლიდან შესაძლებელი იქნება, ეტაპობრივად მოხდეს შეზღუდვების მოხსნა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განუცხადა.
„ზოგადად, შეზღუდვების შემსუბუქება, რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, არ მოხდეს ისეთ დროს, როდესაც ახალი შემთხვევების ზრდის მაღალი რისკია, ამიტომ ზამთრის პერიოდში და იანვრის პერიოდში მაინც უმჯობესია, ისევ იყოს შეზღუდვები, რათა შემდეგ გაზაფხულზე ბევრად უფრო მსუბუქი შეზღუდვების პირობებში მოგვიწიოს ცხოვრება. შეზღუდვების გახანგრძლივება, სანამ საბოლოოდ არ დავინახავთ რამდენად სტაბილურია ეპიდსიტუაცია, ჩემი აზრით, ამ ეტაპისთვის გამართლებულია. თუ ჩვენ იანვრის ბოლომდე სტაბილურად მივედით ისე, რომ სტაბილური კლება იქნება და არ იქნება 2 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა, რა თქმა უნდა, თებერვლიდან შესაძლებელი იქნება, რომ ეტაპობრივად მოხდეს შეზღუდვების ნელ-ნელა მოხსნა“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.