თეგებით ძიება

კაცს, რომელმაც რუსთავის ბაზარში 4 ადამიანი მოკლა და ერთი დაჭრა, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

კაცი, რომელმაც რუსთავის ბაზარში 4 ადამიანი მოკლა და მეხუთეს - საკუთარ ბიძაშვილს სასიკვდილოდ იმეტებდა, მოსამართლემ ციხეში უვადოდ გაუშვა. ეს უპრეცედენტო განაჩენია, რადგან ექსპერტიზით დადგინდა, რომ გიორგი ორეველაშვილი შემზარავი დანაშაულის ჩადენის დროს შეზღუდული შერაცხადი იყო. კანონით დაშვებულია, თუმცა აქამდე არსებული პრაქტიკით ფსიქიკური პრობლემების მქონე ბრალდებულის მიმართ, უვადო პატიმრობის გადაწყვეტილება არასდროს გამოუტანიათ.

რას დაეყრდნო მოსამართლე "კურიერი პიესმა" მაია შოშიაშვილის განაჩენის წერილობითი ვერსია მოიპოვა, სადაც მოსამართლე მსაჯულის შეზღუდულ შერაცხადობას შემამსუბუქებელ გარემოებად არ მიიჩნევს და უმაღლესი სასჯელის მოტივად დანაშაულის სიმძიმეს ასახელებს.

2024 წლის 9 თებერვალი - ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული მკვლელობა, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში მოხდა. სანადირო თოფით შეიარაღებული გიორგი ორველაშვილი სავაჭრო ობიექტზე შეიჭრა და ხორცის სექციაში 7 წამში 5-ჯერ, დამიზნებით ისროლა. დამნაშავე აქ წლების განმავლობაში ბიძასთან და ბიძაშვილთან ერთად ვაჭრობდა. პირველი სამიზნე სწორედ მისი ახლო ნათესავები იყვნენ, ჯერ ბიძას, ნოდარ ორველაშვილს ესროლა, შემდეგ ბიძაშვილს - ნიკა ორველაშვილს. ამის შემდეგ მოკლა მოპირდაპირე დახლზე მოვაჭრე ძმები მალხაზ და დავით აბულაშვილები. ბოლოს კი - ტაქსის მძღოლი, რომელმაც მისი შეკავება სცადა. 4 მოკლა, დაჭრილი ბიძაშვილი კი, ექიმებმა გადაარჩინეს. მკვლელმა იარაღი დააგდო და ტერიტორიიდან გაიქცა. ახლოს მდებარე აფთიაქში შევარდა და დამამშვიდებელი ითხოვა. სწორედ აქ დააკავეს დამნაშავე სამართალდამცველებმა.

გაირკვა, რომ გიორგი ორველაშვილმა სანადირო თოფი ძმას მოჰპარა და კაჭრეთიდან რუსთავში, დაგეგმილი მკვლელობის შესასრულებლად ჩამოიტანა. მასთან ერთად, იარაღის დაუდევრად შენახვისთვის დააკავეს ძმა - გოგიტა ორველაშვილი.

მომხდარიდან 9 თვის შემდეგ, თვითმხილველებს შემზარავი ფაქტის გახსენება ახლაც უჭირთ.

რატომ გაიმეტა ბიძა, ბიძაშვილი და კიდევ 3 ადამიანი - სასამართლო განხილვების დროს, ბრალდებულს არაფერი უთქვამს. გამოძიების ვერსიით, კი უმძიმესი დანაშაულის მოტივი მსჯავრდებულის ფსიქიკური მდგომარეობა და ამ ფონზე ბაზარში მომხდარი კონფლიქტები გახდა.

დაზარალებულები სასამართლო დარბაზში გიორგი ორველაშვილის უვადო პატიმრობას ერთხმად ითხოვდნენ. ერთ-ერთი დაზარალებული მკვლელის ბიძაშვილი ხატია ორველაშვილია, რომელსაც დამნაშავემ მამა მოუკლა. ნათესავები ოჯახისგან განსხვავებით, გიორგი ორველაშვილს ფსიქიკურ ხარვეზებს ამჩნევდნენ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა კაცმა მკვლელობის ჩადენამდე ცოტა ხნით ადრე, ნაქირავები სახლი დაწვა. რეაგირებას კი, დამნაშავის დედას და დებს სთხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ.

გიორგი ორველაშვილი უვადო სასჯელის ათვლამდე მოსამართლის გადაწყვეტილებით, ფსიქიატრიულ მკურნალობას გაივლის. მანამდე კი მისი ადვოკატი, რუსთავის სასამართლოს გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გაასაჩივრებს. დამცველს მოლოდინი აქვს, რომ მსჯავრდებულს სასჯელი შეუმსუბუქდება, ისევე როგორც გოგიტა ორველაშვილს, მკვლელის ძმას, რომელსაც იარაღის დაუდევრად შენახვისთვის 2 წელი მიესაჯა.

ადვოკატი სასჯელის შემსუბუქების საჭიროებას ვერ დაასაბუთებს - ასეთია ბრალდების მხარის პოზიცია. პროკურორი განმარტავს, რომ პირველმა ინსტანციამ სამართლიანობის პრინციპის გარდა, უვადო განაჩენის შეფარდების შემდეგ, მსგავსი დანაშაულის პრევენციაზეც იზრუნა.

მოკლულების ოჯახებს მოლოდინი აქვთ, რომ განაჩენი საბოლოოა და გიორგი ორველაშვილი ციხეს ვერასდროს დატოვებს.

თუ კი ზემდგომი ინსტანციის სასამართლოები შეზღუდულ შერაცხადს გიორგი ორველაშვილს უვადო პატიმრობაში დატოვებენ, ეს ქართული მართლმსაჯულებისთვის ახალი პრეცედენტი იქნება, რაც სავარაუდოდ პრაქტიკაში აისახება. შესაბამისად სიმულანტობა ან რეალური ფსიქიკური პრობლემები მძიმე დანაშაულების შემამსუბუქებელ გარემოებად აღარ გამოდგება.

წყარო: „რუსთავი2“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა