თეგებით ძიება

საიას იურისტი - ცესკო-ს გადაწყვეტილებას დიდი ალბათობით გავასაჩივრებთ

ცესკო-ს კომისიის გადაწყვეტილებას დიდი ალბათობით გავასაჩივრებთ, იმ სამართლებრივი პროცედურის ფარგლებში, რომელიც კანონმდებლობით არის დადგენილი , - ამის შესახებ საიას იურისტმა, ტატა ჭანკვეტაძემ სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც საჩივრებს განიხილავდნენ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სხდომის მიმდინარეობისას ცესკო-ს კომისიის მხრიდან კითხვები იყო დეტალური და ვრცელი. იურისტის შეფასებით, ნაწილი კითხვებისა პირდაპირ კავშირში არ იყო კონკრეტულ განსახილველ საკითხთან.

"რაც შეეხება "ქოლ-ცენტრებს", ეს იყო ტერმინი, რომელიც კომისიის წევრებმა გამოიყენეს და არავითარი სხვა კონტექსტი ამას, ჩემი შეფასებით, არ უნდა ჰქონოდა. იმიტომ, რომ ჩვენ გვქონდა სტანდარტული პირადი ნომრების გამოყენებით კონსულტაცია და კომუნიკაცია ჩვენს დამკვირვებლებთან [26 ოქტომბერს]. იქ არავითარი "ქოლ-ცენტრით" და შესაბამისი ოპერატორებით მოწყობილი არ ყოფილა. შესაბამისად, მგონია, რომ ტერმინების აღრევის საკითხი იყო. ჩვენი როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ყველა ქმედება გამომდინარეობს სამართლებრივი ნორმებიდან. შესაბამისად, ვახორციელებთ მხოლოდ სამართლებრივ პროცედურებს და ეს სამართლებრივი პროცედურები თავის მხრივ დაკავშირებულია მხოლოდ სარჩევნო გარემოსთან და იმ დარღვევებთან, რომლებიც კონკრეტული საარჩევნო პროცესების მიმდინარეობის დროს გამოვლინდა.

ის, რომ ერთი შემთხვევა მაინც არსებობს ფარულობის პრინციპის დარღვევის იძლევა შესაძლებლობას, ჩვენი შეფასებით იმისა, რომ ამ პრინციპის დარღვევის გამო ვიდავოთ, ზოგადად შემაჯამებელი ოქმებისა და შედეგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, რადგან სარჩევნო პროცესი ერთგვაროვანი იყო ყველა იმ უბანზე, სადაც ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდებოდა არჩევნები", - განაცხადა ტატა ჭანკვეტაძემ.

ცესკო-ს კომისიამ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის", „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" და „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!" საჩივრები საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმების გაბათილებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის განმარტებით, სხდომაზე, სადაც საჩივრებს განიხილავდნენ, "რაიმე ახალი გარემოება არ გამოკვეთილა, რომელიც დამატებით არგუმენტაციას შესძენდა" საჩივრის ავტორების პოზიციას" და საჩივრები წარმოდგენილი იყო დაუსაბუთებლად.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა