არავინაა პატრონი, მოხრჩობის პროცესში ვართ - რესტორნები VS გლოვო და ვოლტი
რესტორნის მოგების 25-30 პროცენტი - ესაა ტარიფი, რომელსაც პანდემიის პერიოდშიც კი, კვების ობიექტები მათი პროდუქციის მომხმარებლამდე მისაწოდებლად იხდიან.
გარდა ხელფასების, პროდუქციის ხარჯისა და გადასახადებისა, ის თანხა, რაც რესტორანს მოგების სახით რჩება, გლოვოსა და ვოლტის მომსახურების საფასურია - როგორც რესტორნების წარმომადგენლები „კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნავენ, ბევრმა მათგანმა საკუთარი მიტანის სერვისი აამუშავა, ან ახლადგამოჩენილ ქართულ „დელივერის“ ამჯობინებენ.
„არარეალურ ციფრებზე არიან გასულები გლოვო და ვოლტი. ამ ფონზე, იბადება ქართული მიტანის სერვისები, რომელთაც უფრო დემოკრატიული ფასები აქვთ და ჩვენც რა თქმა უნდა ჩვენი ძალებით, ჩვენი „დელივერით“ ვამუშავებთ რესტორანს. ამ ორ კომპანიას პანდემიამდეც დიდი ფასები ჰქონდათ, მაგრამ პანდემიის შემდეგაც აუწიეს რაღაც ნაწილს იმიტომ, რომ ახალ ობიექტებს, ვინც აქამდე არ მუშაობდა მიტანაზე, მათ ძალიან მაღალი ფასები შესთავაზეს. არანაირი შეღავათი არ არსებობს, დიალოგზე არ მოდიან, ერთ ციფრზე არიან და არ აინტერესებთ სხვა. დელივერი ყოველთვის არის კომპონენტი და არა ძირითადი ინგრედიენტი და ჩემთვის ეს ვერ გახდება კრახის მიზეზი. სხვა რესტორნებსაც იმას ვურჩევთ, რომ თავიანთი პერსონალი დაასაქმონ და თავად მიაწოდონ საკვები მომხმარებელს ვიდრე, ამ ორ უვარგის კომპანიებთან იმუშავონ,“ - ამის შესახებ „კომერსანტთან“ რესტორატორმა გურამ ბაღდოშვილმა საუბრისას აღნიშნა.
„მაჭახელაში“ აცხადებენ, რომ თავადაც უფიქრიათ საკუთარი ძალებით მიწოდება პროდუქციის, თუმცა აქ დიდ როლს რეკლამის აუცილებლობა ასრულებს. მათივე თქმით ახლა ფაქტობრივად ზარალზე მუშაობენ და მხოლოდ თანამშრომლების შესანარჩუნებლად.
„ჩვენც მხოლოდ გლოვოსთან და ვოლტთან ვთანამშრომლობთ, სხვა არცერთ კომპანიასთან - არის ძალიან მაღალი პროცენტი და ჩათვალეთ ახლა მხოლოდ იმიტომ ვმუშაობთ, რომ ის თანამშრომლები შევინარჩუნოთ, ვინც ჩვენთან წლებია მუშაობენ. საერთოდ რა მოგებაზეა საუბარი, ხშირ შემთხვევაში უფრო ზარალზე გავდივართ. ჩვენც გვიფიქრია იმაზე, რომ ჩვენი კურიერი აგვეყვანა და ჩვენ დაგვერიგებინა ჩვენი რესტორნის შეკვეთები, მაგრამ ამას სჭირდება სათანადო რეკლამა, რომ კონკურენცია გაუწიო სხვებს. პანდემიამდეც იყო საუბარი გლოვოსა და ვოლტთან პროცენტის დაწევაზე საუბარი, მაგრამ უარზე არიან. ახლა ისინი ითხოვენ 25 პროცენტს პლიუს დღგს გადასახადი,“ - განმარტავს გიორგი გოგოლაძე, "მაჭახელას" ქსელის მენეჯერი.
რესტორატორი მერიკო გუბელაძე აღნიშნავს, რომ იმ ფონზე, როცა მიტანის თანხასაც მომხმარებელი იხდის, საეჭვოა გლოვოსა და ვოლტის ხარჯები იმდენად დიდი იყოს, რომ ამდენი მოლაპარაკების მიუხედავად, ტარიფზე შეღავათების გაკეთება არ სურთ.
„მე ბოლო დღეებშიც მქონდა საუბარი ვოლტთან, რომ იქნებ ანგარიში გაეწიათ და ფასი დაეგდოთ. მე ექსკლუზიური კონტრაქტი მაქვს მათთან, რაც იმას გულისხმლობს, რომ სხვასთან ვერ ვთანამშრომლობ, მხოლოდ ერთთან, ამის გამო შედარებით დაბალი პროცენტი მაქვს, თუმცა ვთხოვე, რომ იქნებ სხვასთან თანამშრომლობის უფლებაც მოეცათ, ან შეემსუბუქებინათ არსებული პროცენტი, თუმცა ვნახოთ, რას გვეტყვიან. ის რაც მათ მიაქვთ, ეს არის ჩვენი მოგება, რესტორნები მუშაობენ ზუსტად იმ მოგებაზე , იმ პროცენტზე, რასაც მათ ვუხდით. ამიტომ, ისეთი ტიპის რესტორნები, როგორიც ჩემია, ამ შემთხვევაში ძალიან წამგებიანია. უფრო სწრაფი კვების ობიექტებისთვის აქვს აზრი ამ კომპანიებთან თანამშრომლობას , ჩვენთვის წამგებიანია, ხელფასებს ვერ ვიხდით. საახალწლო პერიოდში მცირე აქტიურობა იყო, მაგრამ ამ თვიდან ძალიან დავარდნილია შემოსავლები. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდება. მანამდე არ ვთანამშრომლობდი მიტანის სერვისებთან, სანამ კარგი დრო იყო, რადგან ჩვენი კერძები არაა გათვლილი მიტანაზე. როცა ეს ყველაფერი დასრულდება აღარც ვითანამშრომლებ არასდროს. ამ ეტაპზე, მირჩევნია ისევ იმასთან ვიყო ვისაც აწყობილი აქვს ბიზნესი, რომ ბევრი სიურპრიზი არ მქონდეს. ადამიანები ძალიან გაზარმაცებული არიან და აპლიკაციით, კომფორტის ზონაში მყოფებს უნდათ ყველაფრის მიღება, დარეკვის გარეშე. მე არ ვიცი მათ რა ხარჯი აქვთ, მაგრამ შორიდან რო შევხედოთ, რატომ აქვთ ამდენი ხარჯი ვერ ვხვდები. გარდა იმისა, რომ ჩვენ ვიხდით ამ პროცენტს და ძალიან დიდი ციფრია, შენი ნავაჭრის 30 პროცენტი. ვინც უკვეთავს, მიტანის თანხასაც ის იხდის ცალკე, ამიტომ სკეპტიკურად ვუყურებ იმას, რომ თითქოს დიდი ხარჯი აქვთ. კარგი იქნებოდა მთავრობისგან ყოფილიყო რეკომენდაციის სახით ფორსმაჟორულ სიტუაციაში შეღავათები გაეწიათ მიტანის სერვისებს პარტნიორებისთვის. მოხრჩობის პროცესში ვართ და არავინაა პატრონი - ფაქტია, რომ ვოლტმაც, გლოვომაც და ყველამ ძალიან იხეირეს ამ სიტუაციაში და ფაქტია, რომ მათი შემოსავლები გახუთმაგდა და გაათმაგდა,“ - მერიკო გუბელაძე.
„გლოვოში“ ადასტურებენ, რომ საკომისიოს წილის გადახედვა რესტორნებთან მიმართებაში, ვერ მოხერხდა, თუმცა მათივე თქმით, ობიექტებისადმი მათი დახმარება ფასდაკლებებითა და მარკეტინგული აქტივობებით გამოიხატება.
„იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ხარჯები და დატვირთვა გაიზარდა, სამწუხაროდ, ჩვენი საკომისიოს წილის გადახედვა ვერ მოხერხდა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენი პარტნიორი რესტორნების/მაღაზიების გვერდით არ ვდგავართ. ჩვენ მათ ვეხმარებით სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობებით, ფასდაკლებებით; და ყველაზე მთავარი, ჩვენ შემოვიღეთ თავად წამოიღე-takeaway ფუნქცია, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენს მომხმარებელს თავად შეუძლია თავისი შეკვეთის წამოღება რესტორნებიდან. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის შეკვეთებისას, რესტორანი სრულიად გათავისუფლებულია Glovo-ს მომსახურების საკომისიო გადასახადისგან,“ - აცხადებენ გლოვოში.
ვოლტის თქმით, მომსახურება არც ახალი და არც ძველი ობიექტებისთვის არ გაძვირებულა, თუმცა საკომისიო მაინც დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე და განისაზღვრება რესტორნის საშუალო ჩეკის ზომით. სერვისის ფასი, მათი თქმით განპირობებულია სრული მომსახურებით, რადგანაც რესტორანი მათთან თანამშრომლობით მარკეტინგულ მომსახურებასაც იღებს.
"ჩვენი მომსახურეობა რა თქმა უნდა, არ გაძვირებულა. ის საკომისიო, რაც ჩვენ გვაქვს, გამომდინარეობს იქიდან, თუ რა სერვისებს ვთავაზობთ მომხარებლებს. ეს არის სრული სერვისი, დაწყებიდან ბოლომდე - მომხმარებლის შეკვეთა, ჩვენი პლატფორმის გამოყენება და პროდუქტის კარებამდე მიტანამდე. შესაბამისად, საკმაოდ მაღალი ხარჯები გვაქვს, იმის მიუხედავად, რომ რაღაცეები გაგვიძვირდა ჩვენ არსებული თუ ახალი მოთამაშისთვის საკომისიო არ გაგვიზრდია.
საკომისიო დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, რაც განისაზღვრება რესტორნის საშუალო ჩეკის ზომით. თუ ობიექტს აქვს დაბალი შეკვეთები, ანუ თუ შეკვეთის ღირებულებაა 15-20 ლარი, შესაბამისად ჩვენ კურიერს უნდა გადავუხადოთ დაახლოებით იგივე თანხა, რაც მაღალი ღირებულების შეკვეთის დროს იქნებოდა - საკომისიოს ღირებულება სხვადასხვა კრიტერიუმებით დგება.
უბრალოდ ეს არის საერთაშორისო სტანდარტი, მსოფლიოშიც დაახლოებთ იგივე საკომისიოა. ეს საკომისიო გამომდინარობს იქიდან, რომ ჩვენი სერვისი არის სრული, ანუ ეს არ არის მხოლოდ კურიერი და მიტანის ნაწილი. ეს არის შეკვეთები, ეს არის მარკეტნგი, პლატფორმა, მომსახურება, მხარდაჭერა, პრობლემების მოგვარება და ა.შ.
ჩვენ გვაქვს სრული მომსახურეობა, როდესაც მომხმარებელი მოდის ჩვენთან, მას არაფერი არ აქვს, მივდივართ ობიექტზე, ვიღებთ სურათებს, მიგვაქვს პლანშეტი, რომლითაც იღებენ შეკვეთებს. პლანშეტის საფასურზე იმ ახალ ობიექტებს, რომელიც ეხლა ჩაგვერთო ძალიან დიდი საშეღავათო პერიოდი მივეცით, რადგან მათთვის ეს ძალიან დიდი ტვირთი არ ყოფილიყო.
ასევე გავანულეთ წაღების საკომისიოც, იმ შემთხვევაში თუ ჩვენი კურიერი მიტანის ნაწილს არ ახორციელებს ანუ მომხმარებელი უკვეთავს წაღების მომსახურეობას, ამ შემთხვევაში გვაქვს 0 საკომისიო, მანამ სანამ პანდემიაა და რესტორნებს მომხმარებლის მასპინძლობა ადგილზე არ შეუძლიათ, — აცხადებენ ვოლტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.