თავის მოვლის სეზონური პროცედურები - კოსმეტოლოგის რჩევები
არსებობს სახის მოვლის პროცედურები, რომლებიც გამოირჩევიან თავისი სეზონურობით, კერძოდ, საჭიროებენ შესაბამის მოვლასა და რეაბილიტაციას.
კოსმეტოლოგი ქეთი მაჭავარიანი გაგვაცნობს სეზონური პროცედურების მნიშნველობას, მათ ეფექტურობას და წესებს, თუ როდის მივმართოთ ამა თუ იმ პროცედურისთვის კოსმეტოლოგს.
- „სეზონურ პროცედურებს“ მიაკუთვნებენ სახის აღმდგენ და განმაახლებელ პროცედურებს, როგორებიცაა ქიმიური, მექანიკური და ლაზერული პილინგები, რომლებიც აშრევებენ და ანახლებენ კანს.
- კონკრეტულად რომ გვითხრათ თითოეული პროცედურის შესახებ...
- მჟავებით სახის პილინგი ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული პროცედურაა, რომელიც ძალზედ ეფექტურია როგორც პრობლემური კანის სამკურნალოდ (მოაშოროს ზედმეტი ცხიმი და ააშრეოს მკვდარი გარქოვანებული უჯრედები) ასევე, „ანტი_ეიჯ“ პრევენციისთვის (წყლის ბალანსის აღსადგენად, სისხლის ცირკულაციის და მეტაბოლიზმის პროცესების გასაუმჯობესებლად და წვრილი ნაოჭების გასწორება-გასასადავებლად)
არსებობს სხვადასხვა სახის მჟავები:
ნუშის მჟავა - ყველაზე უსაფრთხოა, აკეთებს ნაზ ექსპოლიაციას, ასტიმულირებს კოლაგენს და აცხრობს ანთებით პროცესებს.
რძემჟავა - განკუთვნილია მგრძნობიარე კანისთვის, ასტიმულირებს კოლაგენს და ელასტინს, აღიავებს კანს და ასწორებს წვრილ ნაოჭებს.
რეტინოლი - ახასიათებს ღრმა და დელიკატური ექსფოლიაცია, აღიავებს და ათანაბრებს კანის რელიეფს და ფერს, ეფექტურია „ანტი აიჯ“ საპროფილაქტიკოდ.
ჯესნერი - ასევე გამოიყენები „ანტი აიჯ“ მიმართულებით, მოდელირებას უკეთებს სახის ოვალს და ამკვრივებს კანს.
გლიკოლოს მჟავა - ყველაზე გავრცელებული და ეფექტური მჟავაა, რომელიც ხშირად გამოიყენება სხვადასხვა პროცენტულობით.
სალიცილის მჟავა - ასევე ეფექტურია პრობლემური კამის სამკურნალოდ.
TCA - საკმაოდ ძლიერი და საფრთხილო ექსპოლიანტია.
თანამედროვე კოსმეტოლოგიაში ქიმიური პილინგების პროცედურებში ვხვდებით როგორც მულტი პილინგებს (რამოდენიმე კომპონენტისგან შემდგარ პროდუქტს) ასევე ერთკომპონენტიანს.
- კიდევ რა მეთოდები გამოიყენება სეზონურ პროცედურებში?
ლაზერული სეზონური პროცედურებიდან აღსანიშნავია ფრაქციული ფოტოთერმოლიზი, ფრაქსლაზერით. არსებობს აბლაციური და არააბლაციური ფრაქციული გაახალგაზრდავება.
ორივე შემთხვევაში, ლაზერი ეპიდერმისიდან ღრმად შედის შრეებში, იწყებს მოქმედებას, ასტიმულირებს კოლაგენს, ელასტინს, აშრევებს კანს, რის შედეგადაც კანი ხდება გლუვი, ერთგვაროვანი, მკვრივი და სწორი რელიეფით.
ეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პროცედურაა როგორც პრობლემური კანის სამკურნალოდ (პოსტ აკნე და ქირურგიული ნაწიბურები) ასევე „ანტი აიჯ“ პრევენციისთვის, რადგან ასწორებს და ასადავებს წვრილ, მიმიკურ ნაოჭებს.
- რა სახის მოვლას საჭიროებს სეზონური პროცედურები? რას ურჩევდით მკითხველს?
- ასეთი პროცედურები საჭიროებს შესაბამის რეაბილიტაციას, კერძოდ, არასასურველია და საშიშია მსგავსი პროცედურების შემდგებ მზის სხივები. აუცილებელია სახის კანის დაცვა ულტრაიისფერი გამოსხივებისგან, რადგან კანის აშრევებას მოსდევს ახალი კანის სინთეზი, რაც ძალზედ სენსიტიურია ფოტოზემოქმედებასთან მიმართებაში.
საშიშროებას წარმოადგენს ლაქები, რომელიც საკმაოდ რთული მკურნალობის პროცესს მოიცავს, ამიტომ მსგავს პროცედურებს მივაკუთვნებთ სეზონურს, რადგან შემოდგომა-ზამთარში მზე ნაკლებ აქტიურ ფაზაშია და რისკიც ნაკლებია, თუმცა პროცედურის ჩატარების შემდეგ, რეაბილიტაციის პროცესში, სასურველი და აუცილებელია SPF (მზისგან დამცავი საშუალების) გამოყენება.
ასევე სეზონურად, საჭიროების შემთხვევაში, სასურველია, რუტინაში (დამატებით) გამოვიყენოთ ამქერცლავი და გამაღიავებელი საშუალებები, რომელიც გვეხმარება კანის რელიეფის გათანაბრებასა და წვრილი ნაოჭების გასადავებაში. მატებს კანს სიმკვრივეს, ელასტიურობას და ათანაბებს კანის ფერს.