თეგებით ძიება

“ასე ვიყავით ცხრა წელი, სამნი ერთ რომანში. ჩვენი ერთობა სრულიად ამორალური რამ იყო” – მაია ასათიანი

ტელეწამყვანი მაია ასათიანის წიგნი “სიცოცხლე ოცდახუთჯერ წამში” უკვე გაყიდვაშია. ავტორი წიგნში მკითხველს აცნობს თავისი ცხოვრების სიყვარულს, ცხრაწლიან რომანს.

“ნუცას სიკვდილის შემდეგ, ჩემთვის ძალზედ ძვირფასი ადამიანი გარდაიცვალა, დავრჩი ისევ სიცარიელეში, გავხსენი ლეპტოპი და წერა დავიწყე. ახლა ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს, თავიდან დავიბადე” – თქვა მაიამ “რუსთავი 2”-ის ეთერში.

გთავაზობთ ასათიანის ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამონარიდს.

“უზარმაზარი ფეხსამელი ეცვა, ორი ზომით დიდი და ხმარებისგან გაცვეთილი. ვაშლის გამყიდველს ჰგავდა. ჩავარდნილი, ვაშლის ფერივით პრიმიტიულად წითელი ლოყებითა და ურცხვად მორღვეული პირით.

ირანში გადასაღებად ამ ვაშლის გამყიდველთან ერთად ვიყავი… გადაღების დღის ბოლოს მითხრა, მგონი, დღეს ირანში ყველაზე ლამაზი ქალი მომყვებოდა გვერდითო. ირანის დედოფალოო – მეძახდა.

მაბამს. ვთქვი გულში. მაბამდა. ვაშლის გამყიდველს ჩვენს სამყაროში ყველაზე ცუდი რეპუტაცია ჰქონდა. ტელევიზიის თითო სართულზე თითო ქალი ჰყავდა და ამ ქალებთან, ყოველგვარი უხერხულობის გარეშე დაიარებოდა სართულიდან სართულზე.

ჩვიდმეტი წლისა თავის პირველ შეყვარებულზე დაქორწინდა. ცხრამეტი წლისა ორი შვილის მამა იყო. ხელში კამერა რომ აიღო, ცოლ-შვილი თავის პატარა პროვინციულ ქალაქში დატოვა და ბოდიალ-ბოდიალით თბილისამდე ჩამოაღწია. გაპრანჭულ-გამღერებული თბილისური ჟარგონი ნახევრად არ ესმოდა, ყოველ ორ სიტყვაში ბლაგვი ქართლურით, ხმამაღლა აბრეხვებდა – “რა სთქვი?” და ასეც დაერქვა.

ტელევიზიაში ხუმრობდნენ, ვაშლის გამყიდველს თვალებით ქალის დაორსულება შეუძლიაო. არც მანამდე და არც მერე ასეთი თვალები კაცის სახეზე მე არ მინახავს. უკიდეგანოდ ლურჯი, ზღვასავით არაერთგვაროვანი და ბევრშრიანი და სახეში ღრმად ჩამჯდარი. ეს თვალები იყო მთავარი იარაღი. თუ შემოგხედავდა, საქმე დამთავრებული იყო. მე ჯერ ისევ მევაშლედ მიმაჩნდა.

ვაშლის გამყიდველი რეგიონის საუკეთესო ოპერატორების სამეულში შედიოდა. ეს უკვე ის დრო იყო, როცა შემეძლო ამერჩია, ვისთან ერთად წავსულიყავი გადაღებაზე და მეც ჩემი ცხოვრების მთავარ მოგზაურობაში ის წავიყვანე.

უდაბნოში ტყავის სანდლები მეცვა, უფრო სწორად ტყავის ძირზე გადაკრული ორი თასმა. თასმაში თითი მქონდა გაყრილი. ეს იყო ერთადერთი შიშველი ადგილი ჩემს სხეულზე, რომელიც ჩანდა. მხოლოდ ტერფები.

უდაბნოში ხეტიალის ხუთწუთიანი შესვენების დრო მზისგან გადამხმარი ფეხები მზერისგან მეწვოდა. ჩაშტერება იცოდა. იჯდა და უყურებდა. საშინლად მრცხვენოდა, ეკლებით დაკაწრული, მიწიანი და სიცხისგან დამსკდარი ფეხები მქონდა. ის კიდევ მიყურებდა. მერე, წლების შემდეგ, ჩემს ერთ მტკაველ ტერფს ხელის გულზე დაიდებდა და ამბობდა, რომ ეს მის ვხოვრებაში ყველაზე ეროტიკული მომენტი იყო.

– ამ პაწია ტერფებით მომინდი, – იტყოდა და ბავშვივით ფეხის თითებს მიკოცნიდა.

– რანაირად? – ვეკიხებოდი მხოლოდ იმიტომ, ის პასუხი გამეგო, ყველაზე ძალიან რომ მსიამოვნებდა მოსმენა.

– მომინდი, – იტყოდა და თვალები კიდევ უფრო ულურჯდებოდა. – ეგაა სიყვარული, შე ქოფაკო.

ბინა მეცრხე სართულზე იყო. გასაშლელი ტახტი, ტახტის თავზე პრიალა რეპროდუქცია და ხის ძველი კარადა. კედელი ყვითელი, ჭერი ლაქებიანი. სამზარეულო მტვერში ჩაქვავებული. – ეს ჩვენი სახლია, – თქვა “რასთქვიმ”.

სახლი ჩვენი არ იყო. ისტორიებით გადახუნებული საქირავებელი ბინა ჩემთვის მთელი სამყარო იყო. აქ ვიწყებოდი. ის, რაც გვქონდა, დაუსრულებელი იყო. სიცოცხლე ჩემთვის ამ ოთხ, სხვების რომანებით გაჟღენთილ კედელში იწყებოდა. გამთენიისას ვდგებოდი. გარეთ ჯერ ისევ ბნელოდა. გიჟივით გავრბოდი ქუჩაში და ბნედიანივით ხელს ვუქნევდი ტაქსის.

დამინახა ვინმემ? – გამიელვებდა აზრი… მეკიდა. უკვე კარი იყო. კარს იქით ცხოვრება იწყებოდა. საერთოდ აღარაფერი მანაღვლებდა. რასთქვი კარს უკან იდგა. კარი ჭრაჭუნით იწყებდა მოძრაობას. კარს უკან იმალებოდა. მერე საკეტს ვკეტავდით. ზურგით მჭიდროდ ამაკრავდა კარს და ისე მიხუტებდა გულში, თითქოს გუშინ დილით ეს ყველაფერი ზუსტად ასევე არ მომხდარიყოს. დავფრინავდით.

გარშემო ვისაც არ ეზარებოდა, ჩემზე ჭორაობდა: ანგელოზივით ქმარი დატოვა და ვის გადაეკიდა, ფუთფუთებდნენ ჩემს გასაგონად. კვირაში ერთხელ “რასთქვის” რომელიმე გაკაპასებული ყოფილი რეკავდა და მლანძღავდა. შევხედავდით ერთმანეთს, ცოტას ვიკინკლავებდით და ლოგინში ვწვებოდით.

ბევრს ვიცინოდით. საერთოდ არ მადარდებდა, რას ამბობდნენ ამ ოთახის მიღმა. ჩვენ ორნი ამ ოთხ კედელს შორის ვარსებობდით. დანარჩენი სამყარო არ გვაღიარებდა.

ჩემი და “რასთქვის” ერთობა სრულიად ამორალური რამ იყო. ცუდ ბიჭს და კარგ გოგოს ჩემი სამყარო წყვილად არ იღებდა. არც ვიყავით წყვილი, იმ ერთი ოთახის გარდა.

ყოველ ხუთშაბათს კაცი, სახელად რამაზი სახლში პატარა ჩემოდანს ალაგებდა და ჩემკენ მობარგდებოდა. ორშაბათ დილით ამოლაგებულ წინდა-ტრუსებს ისევ უკან აბარგებდა და ცოლთან ბრუნდებოდა. ასე ვიყავით ცხრა წელი, სამნი ერთ რომანში…”


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა