თეგებით ძიება
21. 09. 2024 სპორტი

საქართველოს ვეტერანთა ნაკრები „მილანის“ ლეგენდების წინააღმდეგ - მატჩის წინ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა

საქართველოს ვეტერანთა ნაკრები „მილანის“ ლეგენდების წინააღმდეგ - მატჩის წინ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც  კახა კალაძემ ყოფილ თანაგუნდელებთან ერთად „მილანში“ თამაშის პერიოდი გაიხსენა და მეგობრებს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.

კალაძემ თქვა, რომ  „მილანის“ საქართველოში ჩამოსვლამ მასში წარსული "კალა გაახსენა. 

„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობრებს იმისთვის, რომ ჩამოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ულამაზეს დედაქალაქში და დღეს, ქართველ გულშემატკივარს მიეცემა შესაძლებლობა, სანახაობრივი ფეხბურთი ნახოს.

რაც შეეხება „მილანს“, უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, მეთამაშა ისეთი ისტორიის კლუბში, როგორიც არის „მილანი“. საოცარი ათი წელი მქონდა. გუნდმა მაშინ ყველაფერი მოვიგეთ, რის მოგებაც შესაძლებელი იყო. „მილანის“ საქართველოში ჩამოსვლას ჩემთვის ორმაგი დატვირთვა აქვს. თითქოს წარსულში დავბრუნდი. ისევ ის პატარა „კალა“ ვარ, როგორიც წლების წინ ვიყავი და ვარ უბედნიერესი ადამიანი, რომ მეგობრები, რომლებთან ერთადაც დიდ წარმატებას მივაღწიე, დღეს, ჩემთან ერთად არიან. უამრავი ქართველი გულშემატკივარი ღამეებს ათენებდა, რომ „მილანის“ თამაშები ენახა. თანაც, გახსოვთ, რომ მაშინ არ იყო ამდენი შესაძლებლობა, სოციალური მედია, ფეხბურთის ყურება ცოტა რთული იყო, ამიტომ, ჩემთვის დასაფასებელია, რომ ამდენი ადამიანი გულშემატკივრობდა მაშინდელ „მილანს“, ბიჭებს კი განსაკუთრებული მადლობა იმისთვის, რომ დღეს აქ არიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა რიკარდო კაკამ კი თქვა, რომ ამ თამაშში მონაწილეობა, ძველი დროის გახსენებაა. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ქართულ ფეხბურთს გულშემატკივრობს.

„მე პირველად ვარ საქართველოში. ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა, როდესაც მოგზაურობ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ხვდები „მილანის“ გულშემატკივრებს და ხედავ, თუ როგორ უყვართ ეს გუნდი. ამ თამაშში მონაწილეობა, ძველი დროის გახსენება და იმის ნახვა, თუ როგორ გამოიყურებიან ახლა ჩემი ყოფილი თანაგუნდელები, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის და ასევე ველოდები დღევანდელ თამაშს. ქართველ ფეხბურთელებს რაც შეეხება, ძალიან კარგი, პერსპექტიული თაობაა, რომლებიც არაერთ ძლიერ კლუბში თამაშობენ. ჩვენ, კახას დამსახურებით, ძალიან ვგულშემატკივრობთ ქართულ ფეხბურთს და გისურვებთ წარმატებას“, - განაცხადა კაკამ.

ცნობისთვის, საქართველოს ვეტერანთა ნაკრები „მილანის“ ლეგენდებს დღეს საღამოს 7 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა