იქნებ დედას როგორ უჭირს ახლა უშენოდ, ხშირად უთხარით რომ ძალიან ძალიან გიყვართ
პერსონალური ქოუჩი, სპიკერი და სამოტივაციო ტრენერი თამარ ბოკერია, გთავაზობთ ჩანახატს დედა-შვილობაზე.
"იქნებ დედას როგორ უჭირს ახლა უჩემოდ...
დედამ არაფერი იცის ჩემს შესახებ, ჩემზე ოცნებობს, მაგრამ არ იცის რომ მის სხეულში ვარ...
დედა გებულობს ჩემს შესახებ, გულისცემა და მაჯისცემა უფრო მატულობს, დედა ბედნიერია. ყველაზე ბედნიერი, ვიდრე ოდესმე...
მამას ეუბნება, მსობლებს, და-ძმებს, მეგობრებს, ყველას...
დედამ პირველი ზეიმი მომიძღვნა და ეს ზეიმი არასოდეს დასრულებულა, არც იმ ცხრა თვის მანძილზე და არც ახლა დღემდე...
დედა სხვანაირად მოძრაობს, ფრთხილობს, სხვანაირად იკვებება... სხვანაირად დგება საწოლიდან, მიფრთხილდება...
მიფრთხილდება და ჩვენს პირველ შეხვედრას ელოდება, ისე როგორც მის ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრას ცხოვრებაში...
დედამ გამიცნო...
ჩემი პატარა თითებით მის სახეს ვეხები, ვსწავლობ მის ნაკვთებს, რა ლამაზია დედაჩემი...
სულ ერთად ვართ,არსად არ მინდა მის გარეშე... ყველაზე თბილად მასთან ვარ... ყველაზე მშვიდადაც...
-დე ეზოში ჩამიშვებ?!
გავრბივარ ბავშვებთან და ჩვენი ჟრიამულით ივსება ეზო...
ისევ დედასთან ვბრუნდები, მეხვევა მისი ლამაზი მკლავებით და მათბობს...
დე, დღეს გაკვეთილების შემდეგ ბავშვებთან მივდივარ... ვერთობი, ვიცინი და ისე მომწონს მეგობრებთან არ მინდა მალე დამირეკონ და წავიდე სახლში...
სახლში ვბრუნდები ისევ დედასთან და მიხარია, მიხარია და ვამაყობ მისით...
დე, დღეს ნინისთან ვრჩები... რატომ ბრაზობ?! მე უკვე დიდი ვარ... ვეუბნები დედას, გავდივარ გარეთ, მთელი ღამე ვიცინით, ფილმებს ვუყურებთ და წარმოდგენა არ მაქვს იმაზე, არც კი ვფიქრობ, დედას რამდენჯერ გაეღვიძა, უჩემობის გამო, გაეღვიზა კი არა, არც უძინია, უბრალოდ თვალები ქონდა დახუჭული....
ისევ სახლში ვბრუნდები... დედა ძალიან მიყვარს, მაგრამ არ მესმის და ვბრაზობ, რატომ არ მოსწონს როდესაც დიდი ხნით მივდივარ სადმე...
რამდენ შეკითხვას მისვამს, არც გიორგი მოსწონს. არადა შესანიშნავი ბიჭია გიორგი...
არც მშია, არც მცივა, კარგად ვარ... რატომ მისვამს გამუდებით ამ კითხვებს?!
ნელ-ნელა უფრო მეტ დროს მეგობრებთან ვატარებ... ჩვენ უფრო მეტი საერთო ინტერესები გვაქვს, ვერთობი...
და საერთოდ უკვე სახლიდან მივდივარ, ოჯახი შევქმენი...
რამდენი რამ არის საჭირო?! ამას დედა ნეტავ როგორ აკეთებდა?! რამდენი ნივთი მჭირდება... მომზადება, გამზადება... და ა.შ.
დედას დავურეკავ, ვკითხავ რეცეპტს... დე როგორ გავაკეთო ტოლმა?! დედაშემოგევლოს დედა, მოვალ ახლავე და ყველაფერს გაგიმზადებ...
მოდის და ისეთი ხალისით და სწრაფად ამზადებს, ვერ ვიჯერებ ასე როგორ უყვარს მზადება?!
მე უკვე 45 წლის ვარ და ვხვდები, რომ მზადება იმიტომ უყვარს, რომ მე მიმზადებს... მის საყვარელ შვილს...
ახლა ველი ტელეფონის ზარს და შეკითხვებს - თბილად ხარ? რა ჭამე? გარეთ ცივა თბილად ჩაიცვი..
ველი და აღარ მაღიზიანებს ეს ყველაფერი, უფრო მეტიც, მინდა კიდევ მკითხოს, ბევრჯერ მკითხოს, ბევრი წელი, უამრავი, სულ იყოს დედა...
ახლა, როცა ჩემი შვილი «ტუსოვკაზეა» არც ჩემს საძინებელში ითიშება ტელევიზორი მთელი ღამე, ფილმებს ვუყურებ თქო თავს არ ვუტყდები, ფილმებს კი არა კარებს ვუყურებ, შვილი რომ დაბრუნდება...
ჰოდა ახლა ყველაზე კარგად მესმის დედაჩემის...
დედა ყოველთვის კარგად არის, არასოდეს არაფერი არ სჭირდება...
მაგრამ ახლა, როცა 45 ის ვარ, უფრო შიგნიდან ვხედავ, თითქოს ახლა ვცხოვრობდე მის სხეულში, როგორც ოდესღაც, ახლა მის კანქვეშ სიარული ისევ შემიძლია და უფრო კარგად ვხვდები როგორ ვჭირდები დედას... როგორ ენატრება ის პატარა შვილები, მუდამ მასთან რომ იყვნენ...
როგორ ენატრება მისი თავი იმ პატარა ბავშვის დედა...
ხშირად დაურეკეთ, ინახულეთ მშობლები...
იქნებ როგორ უჭირთ უჩვენოდ?! ხშირად უთხარით რომ ძალიან ძალიან გიყვართ...