აზარტული თამაშები, ფულადი გზავნილები, საბანკო გადარიცხვები - რა შემთხვევაში მოგიწევთ სავალდებულო იდენტიფიკაცია სწრაფი გადახდის აპარატებზე
სწრაფი გადახდის აპარატებით სარგებლობისთვის მომხმარებლის იდენტიფიკაცია სავალდებულო ხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ანგარიშზე თანხის შეტანის, გატანის ან სხვა ტრანზქციის დროს აპარატი ტელეფონითა და პირადი ნომრით იდენტიფიკაციას მოგთხოვთ.
როგორც ეროვნულ ბანკში ამბობენ, აღნიშნული განპირობებულია 2019 წელს მიღებული “ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს ახალი კანონის მოთხოვნებით, რომელიც თავის მხრივ ემყარება ევროდირექტივით და FATF-ის 40 რეკომენდაციით გათვალისწინებულ საერთაშორისო სტანდარტებს.
2021 წლის 15 იანვრიდან სწრაფი გადახდის აპარატებით განხორციელებული გადახდების დროს გადამხდელის სავალდებულო იდენტიფიკაციის მოთხოვნა ამოქმედდა რამდენიმე სერვისზე.
იდენტიფიკაცია, მიუხედავად თანხის ოდენობისა, საერთოდ არ მოითხოვება აპარატით განხორციელებულ შემდეგ გადახდებზე:
- კომუნალური გადახდები (დენი, წყალი, გაზი, დასუფთავება, ინტერნეტი და ტელეკომუნიკაცია, მობილური ოპერატორები)
- სახელმწიფო ხაზინაში შემავალი გადახდები
- სახელმწიფო საპენსიო ფონდში გადახდები
- სამოქალაქო ტრანსპორტი (მუნიციპალური ტრანსპორტი, ტაქსი, რკინიგზის ბილეთები, ავტობუსის ბილეთები)
- საფოსტო მომსახურება
- განათლება (უმაღლესი სასწავლებლები, სკოლა, ბაგა-ბაღი, საბავშვო წრეები)
- სპორტული გამაჯანსაღებელი წრეები
- მედია/პრესა (გაზეთების და ჟურნალები) გამოწერა
- საყოფაცხოვრებო მომსახურება (ლიფტები, დასუფთავება, დაცვა, მცირეთანხიანი სარემონტო სამუშაოები)
- ჯანდაცვა (სამედიცინო მომსახურების საფასური) და ვეტერინარია (გარდა მედიკამენტებით ვაჭრობისა)
- სავიზო მომსახურების საფასური
- გარკვეული ტიპის დაზღვევა, რომელიც კანონმდებლობით გათავისუფლებულია იდენტიფიკაციის მოთხოვნებისგან.
- დაბალრისკიანი საქონლის შეძენა.
„ცვლილება პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს უკავშირდება და ის რეგისტრაციის სავალდებულოობას განსაზღვრავს იმ ოპერაციებთან მიმართებით, რომლებიც ფულის გათეთრების მომეტებული რისკების მატარებელია, ხოლო არაერთი კატეგორიის სერვისზე ის არ იმოქმედებს. სწრაფი გადახდის აპარატებით განხორციელებულ ნებისმიერი სხვა ტიპის გადახდებზე მოქმედებს ნულოვანი იდენტიფიკაციის ვალდებულება. შესაბამისად, ეს მოთხოვნა დაწესებულია მხოლოდ იმ ტიპის გადახდებზე, რომელიც შედარებით მომეტებული ML/FT რისკების მატარებელია და საჭიროა, მათი სრულყოფილი მონიტორინგი ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების მიტიგიციისათვის.
ამ ცვლილებების შესახებ სრულად იყვნენ ინფორმირებული საფინანსო სექტორის შესაბამისი წარმომადგენლები. მათ ჰქონდათ გარკვეული ვადა იმისთვის, რომ მოეხდინათ მომხმარებლების ინფორმირება ახალი რეგულაციის 2021 წლიდან ამოქმედების შესახებ“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
საქართველოს საბანკო ასოციაცია კი უფრო დეტალურად განმარტავენ და აღნიშნავენ, რომ სავალდებულო რეგისტრაცია საჭიროა იმ ოპერაციების დროს, რომლებიც საბანკო სერვისებს, აზარტული თამაშებს, ფულად გზავნილებსა და სხვა მსგავს გადახდებს უკავშირდება.
„თვითმომსახურების ტერმინალებით სხვადასხვა გადარიცხვის ოპერაციის შესრულებისას, მომხმარებლის პირადი ნომრისა და მობილურ ტელეფონზე გამოგზავნილი SMS კოდის შეყვანა სავალდებულო გახდა. გადაწყვეტილება ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის სტრატეგიის ნაწილია.
იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცესის გავლა შემდეგ სერვისებზე თანხის გადარიცხვისას სავალდებულოა:
• აზარტული თამაშები და ლატარია;
• ონლაინ თამაშები ;
• დაზღვევა და კერძო საპენსიო ფონდები;
• ფინანსური სერვისები, მათ შორის: ფიზიკური და იურიდიული პირის საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და სესხის გამცემი სუბიექტების სერვისები, ლიზინგი, ელექტრონული საფულის შევსება, ფინანსური ბაზრები და ფულადი გზავნილები;
• ინტერნეტ მარკეტინგი;
• ტრანსპორტი და ლოჯისტიკა;
• ტურისტული მომსახურება;
• ქსელური მარკეტინგი;
• ქველმოქმედება;
• საკონსულტაციო მომსახურება;
• პოლიტიკური პარტიები;
• უძრავი ქონების ყიდვასთან დაკავშირებული სერვისები“, - აცხადებენ საბანკო ასოციაციაში.
„კომერსანტი“