რატომ გვესიზმრება ყოფილი და რაზე მიგვანიშნებს სიზმარში მისი გამოჩენა?
განქორწინება ტრავმაა, იმის მიუხედავად, თუ რა პირობებში მოხდა, ამიტომ ყოფილ ქმარს ბევრი უსიამოვნო მოგონების დატოვება შეუძლია.
შესაძლოა, მასთან ურთიერთობა აღარ გაქვთ და ვეღარ ხედავთ, თუმცა მიღებული სტრესის გამო, შესაძლებელია ეს ადამიანი რეალობაში თუ არა, თქვენს სიზმრებში მაინც გამოჩნდეს.
ყოფილი ქმრის სიზმარში ნახვაში გასაკვირი არაფერია, მით უმეტეს თუ თქვენს შორის ბევრი რამ უთქმელი დარჩა, მაგრამ თუ ის ურთიერთობის დასრულებიდან დიდი ხნის შემდეგაც გესიზმრებათ, ამ სიზმრებს სხვა მნიშვნელობა აქვს.
ვნახოთ როგორ განმარტავენ ამ მოვლენას ლოს-ანჯელესის „CC Jung“ -ის ინსტიტუტის მკვლევარები.
როცა განქორწინებისთანავე გესიზმრებათ
ცხოვრების ყოფილ თანამგზავრთან დაკავშირებული სიზმრები გაფრთხილებთ, რომ თქვენს შორის ყველაფერი ჯერ კიდევ არ დასრულებულა. თქვენ მის მიმართ ჯერ კიდევ ძლიერი გრძნობები გაქვთ, მაგრამ სიყვარულია ეს თუ სიძულვილი, გარკვევა სჭირდება.
ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ყველაფრის მიუხედავად, ისევ მასთან ყოფნა გსურთ, მაგრამ საკუთარ სურვილებში გარკვევა და არჩევანის გაკეთება უნდა შეძლოთ.
როცა ყოფილი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებში გესიზმრებათ
თუ ყოფილი ქმარი სხვა მამაკაცთან ურთიერთობის დამყარების შემდეგ დაგესიზმრათ, ნიშნავს, რომ თქვენი ქვეცნობიერი ცდილობს ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე გაანალიზოს და ყოფილი და მოქმედი მამაკაცები ერთმანეტს შეადაროს.
თუ ყოფილ ქმართან დაკავშირებული სიზმრები უარყოფითი და არასასიამოვნოა, ეს ნიშნავს, რომ თქვენ აფასებთ მამაკაცის თვისებებს აწმყოში, თუნდაც დარწმუნებული არ იყოთ მომავალში.
თუ ყოფილ ქმართან დაკავშირებული სიზმრები თქვენში ნოსტალგიას აღძრავს, ეს ნიშნავს, რომ ამჟამინდელი ურთიერთობით კმაყოფილი არ ხართ და წარსულის სასიამოვნო მოგონებებთან დაკავშირებას ცდილობთ. ახალი ურთიერთობის დასაწყისში თავს ყოველთვის დაუცველად გრძნობთ და ზუსტად არ იცით, რა გსურთ.
ყოფილი ქმარი შეიძლება წარსულის პერიოდს ნიშნავდეს, რომელმაც თქვენს ცხოვრებაში უფრო ღრმა კვალი დატოვა, ვიდრე დაკარგულმა სიყვარულმა. ეს ასევე შეიძლება იყოს დანაშაულის გრძნობა იმის გამო, რომ მიატოვეთ და შესაძლებლობა არ მიეცით, რომ თავისი სიყვარული დაეცვა ან მტკივნეული ურთიერთობის შემდეგ იარების მოშუშებისა და ახალი სიხარულის განცდის მოთხოვნილება.
სიზმრები ყოველთვის სიმბოლურია. მათი ანალიზი საჭიროა თქვენს საჭიროებებთან შესაბამისობასა და იმ კონტექსტში, რომელშიც ჩნდებიან. ერთ დროს ყოფილი ქმარი თქვენი სულის ნაწილს წარმოადგენდა და ზოგჯერუბრალოდ, მისი თუნდაც ცოტა ხნით დაბრუნება გჭირდებათ.