თეგებით ძიება
27. 01. 2021 მსოფლიო

სკოლის შეყვარებულები ერთმანეთს 70 წლის შემდეგ შეხვდნენ და იქორწინეს

კანადის ქალაქ ვანდსვორტში მცხოვრები შეყვარებულები, რომლებიც ერთმანეთს სკოლაში სწავლის დროს დააცილეს, 70 წლის შემდეგ შეხვდნენ და სამ დღეში დაქორწინება გადაწყვიტეს - ინფორმაციას გამოცემა CNN ავრცელებს.

ფრედ პოლი და ფლორენცია ჰარვი ერთმანეთს 1950-იან წლებში შეხვდნენ, როდესაც ორივე სკოლაში სწავლობდა. შეყვარებულები მთელ დროს ერთად ატარებდნენ. პოლი ორი წლის მანძილზე, მდინარის მეორე ნაპირზე მცხოვრებ ფლორენციას დაძინების წინ ფანჯრიდან ლამპარის ქნევით ანიშნებდა, რომ უყვარს და ტკბილ ძილს უსურვებს.

პოლი 18 წლის იყო, ჰარვი კი 15 -ის, როდსესაც წყვილი ერთმანეთს დაშორდა. ბიჭი სამუშაოდ ტორონტოში წავიდა. ერთი წლის შემდეგ ის მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა და მაშინვე ფლორენციას ნახვა სცადა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გოგონა მშობლებმა საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადაიყვანეს. ერთმანეთის მონატრებაში წლები გავიდა, მაგრამ საბოლოოდ, ორივემ საკუთარი ოჯახი შექმნა.

2017 წელს ჰარვის ქმარი სიმსივნით გარდაიცვალა, 2019 წელს კი პოლის ცოლი გულთან დაკავშირებულ პრობლემებს ემსხვერპლა. ყოფილი შეყვარებულები წლების შემდეგ დაკარგულ მეუღლეებზე მწუხარებამ გააერთიანა.

როდესაც ჰარვიმ პოლის ცოლის გარდაცვალების შესახებ შეიტყო, დაურეკა და მიუსამძიმრა. მას შემდეგ, 84 წლის პოლი და 81 წლის ჰარვი ყოველდღე, ტელეფონით საათობით საუბრობდნენ. ივლისში კი ჰარვიმ პოლს სიურპრიზი მოუწყო და ძველი შეყვარებულის დაბადების დღისთვის ტორონტოში ჩავიდა.

შეხვედრიდან სამი დღის შემდეგ წყვილმა დაქორწინება გადაწყვიტა. 8 აგვისტოს პოლისა და ჰარვის ქორწილი გაიმართა, სადაც კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო მხოლოდ ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები მიიწვიეს. ამჟამად წყვილი იმ ქალაქის მონახულებას გეგმავს, სადაც ერთმანეთი გაიცნეს და შეიყვარეს.

ახლახან ანალოგიური შემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც მოხდა. ხანდაზმული ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთი სკოლის მერხიდან უყვარდათ, 63 წლის შემდეგ დაქორწინდა. პოლისა და ჰარვის მსგავსად, ორივე ქვრივი იყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა