ქუთაისში ”ლიბერთი ბანკი" დააყაჩაღეს - ფაქტზე დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული ტ.ა. ქუთაისში დააკავეს. მას ბრალად ყაჩაღობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება ედება.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 29 იანვარს, ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე "ლიბერთი ბანკის" ფილიალის შენობაში შეიჭრა, პისტოლეტის მუქარით მოლარე-ოპერატორებს ფული მოსთხოვა, თუმცა თანხის წაღება ვერ მოახერხა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა თავდამსხმელი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო", - აცხადებენ შსს-ში.
ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს