პროკურატურამ შსს-ს ყოფილი თანამშრომლები დააკავა
საქართველოს პროკურატურამ წამების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების, ასევე განზრახ უკანონო დაკავებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტებზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, შსს-ს ყოფილი თანამშრომლები - რ.ა., ი.ა. და ი.ს. დააკავა, ხოლო ორი პირის - ხ.ს.-ს და კ.კ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო.
საუბარია 2011 წელს, წალენჯიხაში მომხდარ შემთხვევაზე. პროკურატურის ცნობით, ბრალდებულებმა ინფორმაციის მიღების მიზნით, სოფელ მუჟავაში, იარაღის მუქარით, განზრახ უკანონოდ დააკავეს ლ.ა.:
წალენჯიხის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე და ჯვარის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ავტომანქანაში სცემდნენ დაკავებულს და სთხოვდნენ, რომ გაემჟღავნებინა ძებნილი ზ.ა-ს ადგილსამყოფელი. ამასთან, ფსიქოლოგიური ზეგავლენის მოხდენის და მკვლელობის სიმულაციის მიზნით, რ.ა-მ ავტომანქანაში მყოფ ხელებშეკრულ ლ.ა-ს ავტომატის ლულა ჩაუდო პირში.
ზემოთ ხსენებულმა პირებმა დაკავებული მიიყვანეს სოფელ ჭალესთან არსებული მიტოვებული აგურის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც კვლავ გააგრძელეს მის მიმართ სასტიკი მოპყრობა. კერძოდ, მას აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით.
ასევე, აღნიშნულმა პირებმა დაკავებული გააკავეს და ანთებულ სიგარეტს ხანგრძლივად, წუთობრივი ინტენსივობით ადებდნენ სხეულზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.