თეგებით ძიება

არ ვიცი, წამოსცდა თუ რა მოუვიდა, მაგრამ ზურაბ ჯაფარიძემ გათქვა ოპოზიციის გეგმა - მდინარაძე

არ ვიცი, წამოსცდა თუ რა მოუვიდა, მაგრამ ზურაბ ჯაფარიძემ გათქვა ოპოზიციის გეგმა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ზურაბ ჯაფარიძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ დიდი ხანია, საუბრობს, რომ ოპოზიციის ნაწილის მიზანი შეთანხმება და პარლამენტში შესვლა არ არის.

„არ ვიცი, წამოსცდა თუ რა მოუვიდა, მაგრამ ზურა ჯაფარიძემ გათქვა ოპოზიციის გეგმა. ჩვენ ამას დიდი ხანია, ვლაპარაკობთ. მათი ბოიკოტი დაიწყო თუ არა, მათი ცრუ ნარატივი ე.წ. გაყალბებული არჩევნების შესახებ დაიწყო თუ არა, იმის შემდეგ ვამბობთ, რომ მათი, განსაკუთრებით რადიკალური ოპოზიციის თვითმიზანი არის, არ შემოვიდნენ პარლამენტში, არ შეთანხმდნენ წესებზე, არ შედგეს შეთანხმება. ზურაბ ჯაფარიძემ ეს ყველაფერი თავისი პირით დაადასტურა. მე არ ვიცი, ეს წამოცდენა იყო, ოპოზიციის სხვა ნაწილის გათქმა, კონსტრუქციულობისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო თუ რა იყო, მაგრამ მან ოპოზიციის რეალური მიზნები და ზრახვები გათქვა და ეს ერთი მხრივ, ძალიან კარგია“, – განაცხადა მდინარაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, რომელი პარტიები შეიძლება იყვნენ პარლამენტში შესვლის წინააღმდეგი, მდინარაძემ უპასუხა, რომ ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და გიგა ბოკერია.

„პარლამენტში შემოსვლის მსურველთა სიაში არ არის ბოკერია, რომელიც პარლამენტის წევრი ისედაც არ არის. ყველაზე რადიკალური პოზიციის მქონე აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც პარლამენტის წევრი ისედაც არ არის. ასეთები არიან „ნაცმოძრაობის“ ლიდერები. ყველა დანარჩენი მეტ-ნაკლებად არის საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართვის მსურველი“, – განაცხადა მდინარაძემ.

პარტიის „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, გარკვეული ოპოზიციური პარტიები ოთხპუნქტიანი მოთხოვნების შესრულების შემთხვევაშიც არ აპირებდნენ პარლამენტში შესვლას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა