ყველაზე ძვირადღირებული ბოსტნეული, რომელიც 1000 ევრომდე ღირს
სვიის ნორჩი ყლორტები (hop shoots), რომლებსაც, ასევე, “სვიურ სატაცურს” უწოდებენ, ყველაზე ძვირი და ფუფუნების ბოსტნეულია. ამის შესახებ EastFruit-ის ექსპერტების მასალაში წერია, რასაც დარგის პორტალი ავრცელებს.
ეს სატაცური არ არის, თუმცა სვიის პატარა მწვანე და თეთრი ყლორტები სატაცურის ყლორტებს მეტად წააგავს და მასში მომხმარებლები კგ-ში 1 000 ევრომდე იხდიან. დელიკატესი ყველაზე მატად ბელგიასა და ნიდერლანდებში იყიდება. თუმცა ამ ძვირადღირებული ბოსტნეულის პოპულარობა სხვა ქვეყნებშიც სწრაფად იზრდება.
სვიის ნორჩ ყლორტებს ჩვეულებრივი სვია (Humulus lupulus) იბამს. ეს იგივე მცენარეა, რომელიც ლუდის წარმოებაში გამოიყენება.
ეს ბოსტნეული ძვირი იმიტომაც ღირს, რომ ყლორტების გაშენების დაგეგმვა შეუძლებელია და ისინი სვიის მცოცავ ღეროზე სრულიად სპონტანურად ჩნდებიან, რაც მათ სპორადულს (იშვიათს) ხდის. სვიის ეს ყლორტები უკიდურესად სათუთია. კერძოდ, ისინი კარგად არ ინახება და მოსავლის აღების შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა მოიხმარონ, რადგან ამ ძვირადღირებული პროდუქტის გემოს გასაღები სწორედ მის სიქორფეში, ანუ სინედლეშია.
სვიის ნედლ ყლორტებს მწარე და მწკლარტე გემო აქვს, თუმცა მას ნედლი სახით არ მოიხმარენ. მოხარშვის შემდეგ მისი გემო კომბოსტოს გემოს წააგავს თხილისა და ოდნავ სვიის ნოტებით. სვიის ყლორტები ისევე მზადდება, როგორც ჩვეულებრივი სატაცური. მისი უხეში ქვედა ნაწილი მოხარშვამდე უნდა მოიჭრას და კარგად გაირეცხოს.
სვიის ყლორტები არა მხოლოდ გემრიელია, არამედ საკვები ნივთიერებებითაც მდიდარი და ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. ის მრავალფეროვან საკვებ პროფილს, მათ შორის, ბოჭკოებს, ვიტამინებსა და მინერალებს შეიცავს. ასევე, მდიდარია ანტიოქსიდანტებით და ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს. ამასთან, სვიის ნაერთებმა, როგორიც ქსანტოჰუმოლია, შესაძლოა, რელაქსაციას შეუწყოს ხელი და ძილის ხარისხი გააუმჯობესოს.