როგორია შენგენის ზონასთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი?
ევროპარლამენტმა გუშინ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, სადაც სხვა საკითხებთან ერთად უვიზო რეჟიმის გადახედვაზეა საუბარი.
რა შემთხვევაშია შესაძლებელი, რომ საქართველოს შენგენის ზონასთან უვიზო რეჟიმი გაუუქმდეს?
ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი და რონდელის ცენტრის მკვლევარი კახა გოგოლაშვილი განმარტავს, რომ სინამდვილეში საკმარისია ქვეყნების უბრალო უმრავლესობის მიმართვა, რომ ევროკომისიამ შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა მესამე ქვეყანასთან 9 თვით, ხოლო საკითხის შესწავლის შემდგომ (თუ დადასტურდა გაუქმებისთვის აუცილებელი პირობების არსებობა) კიდევ 18 თვით.
აღნიშნულის დასტურად კი, შესაბამისი რეგულაციების ბმულს ურთავს.
"რაც შეეხება ევროკავშირის უვიზო რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობას. ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ, თითქოსდა უვიზო რეჟიმის გაუქმებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების კონსენსუსი ესაჭიროება, ამიტომ ეს ტექნიკურად თითქმის შეუძლებელი ამოცანა არისო. სინამდვილეში საკმარისია ქვეყნების უბრალო უმრავლესობის მიმართვა, რომ ევროკომისიამ შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა მესამე ქვეყანასთან 9 თვით, ხოლო საკითხის შესწავლის შემდგომ (თუ დადასტურდა გაუქმებისთვის აუცილებელი პირობების არსებობა) კიდევ 18 თვით. ბოლო წლების განმავლობაში უვიზო მიმოსვლა შეუჩერეს ალბანეთს და ვანუატუს, იგივე მექანიზმის გამოყენებით გამარტივებული სავიზო რეჟიმი შეუჩერეს რუსეთს და ბელარუსს.
ამ მექანიზმით უვიზო მიმოსვლის შეჩერების ფორმალური მიზეზები მოიცავს მიგრანტებისა და თავშესაფრის მაძიებელთა მოზღვავებას, უსაფრთხოების გამოწვევებს წევრი ქვეყნებისთვის, ქვეყნის მოქალაქეების მიერ ევროკავშირში ჩადენილი დანაშაულების ზრდა. საქართველოს ამ მომენტისთვის ეს მუხლები საკმარისად აქვს დარღვეული გერმანიის, ბელგიის თუ რამდენიმე სხვა ქვეყანასთან მიმართებაში. ამიტომ, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში ნებისმიერს ამ წევრი ქვეყნებიდან შეუძლიათ მოახდინონ პროცედურის ინიციირება. ჯერჯერობით, ამას არ აკეთებენ მხოლოდ მათი კეთილი ნების გამო, რომელიც შესაძლოა გაქრეს, თუ მთავრობა გააგრძელებს ევროკავშირის დამუნათებას, დემოკრატიულ უკუსვლას და მისი მოთმინების გამოცდას. ასე მგონია, ოცნების ჩინოვნიკებმა ინგლისური არ იციან, ან ჰგონიათ, რომ მათ გარდა სხვამ არავინ იცის საქართველოში. უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის შესაბამისი რეგულაციის ბმულს აქვე ვდებ, რომ ნახოთ და თავად დარწმუნდეთ, ვინ ტყუის და ვინ არა",- წერს კახა გოგოლაშვილი.
პოლიტიკური საკითხების ანალიტიკოსი, "რესპუბლიკური პარტიის" ყოფილი წევრი დავით ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ ახლა არც სავიზო რეჟიმის გაუქმება მოხდება და არც ბიძინას დასანქცირება. მისი თქმით, ამას ევროკავშირის ქვეყნები ოქტომბრის არჩევნებამდე არავითარ შემთხვევაში არ გააკეთებენ
"ევროპარლამენტის რეზოლუცია არ უნდა ჩავთვალოთ ლამის მიღებულ გადაწყვეტილებად. ევროპარლამენტში საერთოდ ხშირად მიიღება რეზოლუციები, რომელთა პრაქტიკული განხორციელებაც არ ხდება. ამ რეზოლუციებს სარეკომენდაციო ხასიათი აქვთ და არავითარ შემთხვევაში სავალდებულო. ევროპის ქვეყნებში არსებულ დამოკიდებულებებს და განწყობებს ეს რეზოლუციები გარკვეულწილად კი გამოხატავს, და, ამდენად, მისი სრული იგნორირებაც არაა სწორი, თუმცა, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ახლა არც სავიზო რეჟიმის გაუქმება მოხდება და არც ბიძინას დასანქცირება. ამას ევროკავშირის ქვეყნები ოქტომბრის არჩევნებამდე არავითარ შემთხვევაში არ გააკეთებენ. შესაბამისად, ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებას ვურჩევდი, ევროპარლამენტის რეზოლუციის გამო ტყუილუბრალოდ ნუ აჟიტირდებიან.
ერთადერთი რეკომენდაცია, რაც ნამდვილად შესრულდება, არის ის, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე არ გაიხსნება. მალე ამას უკვე ევროპარლამენტარები კი არ იტყვიან, არამედ უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღები პირები. თუ არ გჯერათ და აგერ ვარ მე და აგერაა ევროკავშირი. უყურეთ და დაინახავთ აი, ოქტომბრის არჩევნების მერე რა იქნება, ეგ არ ვიცი. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ ჩატარდება ეს არჩევნები და ვინ აღმოჩნდება ხელისუფლებაში" - წერს დავით ზურაბიშილი.
ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი, "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი განმარტავს, რა შემთხვევაშია შესაძლებელი, რომ საქართველოს შენგენის ზონასთან უვიზო რეჟიმი გაუუქმდეს.
"ბევრი ადამიანი მეკითხება, რამდენად რეალურია გაუქმდეს შენგენის ზონასთან უვიზო რეჟიმი?
1. ტექნიკურად შესაძლებელია, თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილიც კი დაუჭერს მხარს - ანუ ყველა ქვეყნის მხარდაჭერა არაა საჭირო.
2. რუსეთი მრავალი წელი უშედეგოდ ცდილობდა უვიზო რეჟიმი მიეღო, მაგრამ მხოლოდ გამარტივებული სავიზო რეჟიმი მისცეს და ისიც გაუქმდა, უკრაინაზე თავდასხმის გამო. რიგმა ქვეყნებმა შეწყვიტეს რუსებზე ვიზის გაცემაც.
3. სახელმწიფოს ნაცვლად რუსი ოლიგარქების სამფლობელოდ და სანქცირებული რუსული ფულის "სარეცხავ" დაწესებულებად გადაქცეულ საქართველოს რატომ შეუნარჩუნებს ვინმე უვიზო მიმოსვლას?
ამიტომ დიახ, სავსებით შესაძლებელია…მაგრამ არა ხვალ ან ზეგ, დრო გვაქვს-ოქტომბრამდე მაინც, იმედია…
სწორ არჩევანს გააკეთებს ხალხი, ვიცი. არც სამუდამოდ გადასახლებას ფიქრობს უმრავლესობა“,- აცხადებს სალომე სამადაშვილი.