უფლება გვაქვს, გამოვიყენოთ ჩვენი იარაღი იმ ქვეყნების სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ, რომლებიც ჩვენი სამიზნეების წინააღმდეგ იარაღის გამოყენების ნებას რთავენ - პუტინი
რუსეთი მიიჩნევს, რომ უფლება აქვს, გამოიყენოს იარაღი იმ ქვეყნების სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ, რომლებიც იარაღს მის წინააღმდეგ იყენებენ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
პუტინის თქმით, რუსეთი გადამწყვეტად და სარკისებურად უპასუხებს ესკალაციას.
„მიგვაჩნია, რომ გვაქვს უფლება, გამოვიყენოთ ჩვენი იარაღი იმ ქვეყნების სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ, რომლებიც ჩვენი სამიზნეების წინააღმდეგ იარაღის გამოყენების ნებას რთავენ და აგრესიული მოქმედებების ესკალაციის შემთხვევაში, ჩვენ ასევე ვუპასუხებთ გადამწყვეტად და სარკისებურად. ამ საკითხზე სერიოზულად დაფიქრებას ვურჩევ იმ ქვეყნების მმართველ ელიტებს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო კონტინგენტების გამოყენების გეგმებს აყალიბებენ“, – განაცხადა პუტინმა.
მიმართვაში პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტმა გლობალური სახე შეიძინა.
„როგორც ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტმა, რომელიც მანამდე დასავლეთის მიერ იყო პროვოცირებული, ამ მომენტიდან გლობალური სახე შეიძინა“, – განაცხადა პუტინმა.
შეგახსენებთ, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მოხსნა შეზღუდვები, რომლებიც უკრაინას აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების განხორციელებას უკრძალავდა. უკრაინამ „ატაკამსის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე პირველად 19 ნოემბერს გამოიყენა.
წყარო: 1tv.ge