თეგებით ძიება

პარტია "გახარია - საქართველოსთვის“ მანდატების შეწყვეტაზე პარლამენტისთვის ამ ეტაპზე მიმართვას არ აპირებს და არ გამორიცხავს, რომ "პროცესს რამდენიმე თვე" დასჭირდეს- გიორგი შარაშიძე

პარტია "გახარია - საქართველოსთვის“ მანდატების შეწყვეტაზე პარლამენტისთვის ამ ეტაპზე მიმართვას არ აპირებს და არ გამორიცხავს, რომ "პროცესს რამდენიმე თვე" დასჭირდეს. აღნიშნულის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

როგორც გიორგი შარაშენიძემ აღნიშნა, საპარლამენტო მანდატების შეწყვეტაზე პარლამენტს მიმართავენ მაშინ, როდესაც „ყველაზე კარგი დრო იქნება“.

„ჩვენ პროცესთან გვაქვს საქმე, ეს ხომ არ არის ერთდღიანი, თუნდაც ერთკვირიანი ან ორკვირიანი პროცესი, შესაძლოა, ჩვენ ვიხილოთ თვეების განმავლობაში გაწელილი პროცესი, რომელსაც უბრალოდ ვერ გავექცევით. ამას როდის გავაკეთებთ? გავაკეთებთ მაშინ, როდესაც ამის ყველაზე კარგი დრო იქნება“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

პარალელურად, გიორგი შარაშიძის განცხადებით, მკაფიოდ შეუძლია თქვას, რომ „გახარია საქართველოსთვის“ მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს.

„ჩვენ ვთქვით სიტყვა, ამ სიტყვას აქვს ფასი და ჩვენ ვართ პოლიტიკური გუნდი, რომელიც თვლის, რომ როდესაც პოლიტიკოსი ამბობს სიტყვას, იმ სიტყვას აქვს ფასი და ასრულებს. რასაც ვამბობთ იმას ვაკეთებთ, განსხვავებით იმ პოლიტიკოსებისგან, რომლებსაც წარსულში აქვთ იმ ტიპის გამოცდილება, რომ ერთ ამბობდნენ და მეორეს აკეთებდნენ. ეს ყველაზე ნაკლებად ან საერთოდ არ გვეხება ჩვენ.

არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებისგანაც ოთხი წლის წინ, 2020 წელს, დაპირებები იყო, რომ არ შევიდოდნენ პარლამენტში, მაგრამ ბოლოს სხვა გადაწყვეტილება მიიღეს. როგორც ჩანს ამ პოლიტიკოსებს სჭირდებათ გარკვეული ტიპის რიტუალები, აქტები, მოქმედებები იმისათვის, რომ თავისი ამომრჩევლები დაარწმუნონ იმაში, რომ საკუთარ სიტყვას არ გადავლენ. ჩვენ ამის საჭიროება არ გვაქვს, რადგან რასაც ვამბობთ იმას ყოველთვის ვაკეთებთ.

ჩვენი გუნდის მხრიდან ლეგიტიმაცია მეთერთმეტე მოწვევის თვითაღიარებულ პარლამენტს არ ექნება. ეს პარლამენტი არის უკანონო და თვითაღიარებული პარლამენტი და ბუნებრივია, ჩვენი გუნდის არცერთი წევრი, რა თქმა უნდა, იქ არ იქნება, მაგრამ ამას როდის გავაკეთებთ, რა ფორმით გავაკეთებთ, მანდატებს დავწვავთ, დავჭრით, დავხევთ, მეთერთმეტე სართულიდან გადმოვყრით თუ რას ვიზამთ, ეს არავის გასარჩევი არ არის. მთავარი ფორმა არ არის, მე მგონია, რომ ძალიან ზედმეტ მნიშვნელობას ვანიჭებთ ფორმებს, მოქმედებებს, ტაქტიკას, პერფორმანსებს, რიტუალებს და ა.შ.“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა