თეგებით ძიება

"თავი ჰქონდა დამტვრეული, ჩალეწილი, ყოფილი ქმარი 2 თვეა გამოვიდა ციხიდან" - ფემიციდი საგარეჯოში

ყოფილი ქმრის მიერ 11 ნოემბერს ნაცემი ციკო სულიკაშვილი 21 ნოემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ექიმები მის გადარჩენას რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდნენ. თავის არეში მიღებული დაზიანებების ფონზე ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მალევე დამძიმდა, საგარეჯოდან ის თბილისში გადმოიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

არსებული ინფორმაციით, მიშა სუხიაშვილი ცოლს არასრულწლოვანი შვილის თვალწინ გაუსწორდა. ახლობლების ინფორმაციით, მან ციკო სულიკაშვილს დაზიანებები ეზოში, თავში ქვის დარტყმით მიაყენა.

"თავი ჰქონდა დამტვრეული, ჩალეწილი" - აცხადებს ციკო სულიკაშვილის ოჯახის წევრი. მათი ინფორმაციით სუხიაშვილმა ციხე 2 თვის წინ დატოვა.

მეზობლების ინფორმაციით, მიშა სუხიაშვილი,  ყოფილ ცოლზე ძალადობის მუხლით ერთხელ უკვე იყო ნასამართლევი და მან საპატიმრო არჩევნების წინ, სავარაუდოდ, ამნისტიით დატოვა.

პროკურატურა საგარეჯოში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, დაზარალებულის გარდაცვალების გამო ბრალდებას დაუმძიმებს.  

შეგახსენებთ, ქალთა მიმართ ან ოჯახში ძალადობის შემთხვევაში უნდა დარეკოთ 112-ზე. ასევე, შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ 112-ის მობილური აპლიკაცია და მიმოწერით, ზარით ან SOS ღილაკით დაუკავშირდეთ ოპერატორს. შეგიძლიათ დარეკოთ ცხელ ხაზზეც - 116 006. კონსულტაცია იურიდიულ, ფსიქოლოგიურ, სოციალურ და სამედიცინო საკითხებზე უფასოა და დაცულია ანონიმურობა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა