თეგებით ძიება

გენერალ ქუთათელაძის მკვლელობა - აქამდე უცნობი ვიდეოკადრები

პირველი არხის გადაცემა „ახალი კვირა“ ასაჯაროებს გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის დღემდე უცნობ მტკიცებულებებს.

ჟურნალისტმა მოიპოვა მკვლელობამდე და მკვლელობის შემდეგ ვიდეო-თვალის მიერ გადაღებული კადრები, სადაც ჩანს თუ როგორ და რა მიმართულებით გადაადგილდება მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჭანტურია.

კადრებში ჩანს, რომ გიორგი ჭანტურია მკვლელობამდე მთელი დღის განმავლობაში რუსთავში, ე.წ. სტამბულის ბაზრობის ტერიტორიაზე გადაადგილდება, იქ, სადაც 2018 წლის 15 იანვარს ამ ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე, გენერალი სამსონ ქუთათელაძე საკუთარ კაბინეტში მოკლული იპოვეს.

სათვალთავალო კამერამ დააფიქსირა, რომ მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე სამსონ ქუთათელაძე შედის ბაზრობის ტერიტორიაზე მდებარე მის სამუშაო ოფისში. მას ოფისში შეჰყვა გიორგი ჭანტურია, რომელმაც რამდენიმე წუთში შენობა უკანა გასასვლელით დატოვა, ჩაჯდა მისი მართვის ქვეშ მყოფ „შკოდას“ მარკის ავტომობილში და ბაზრობის ტერიტორიიდან გავიდა.

პროკურატურაში ამბობენ, რომ სტამბულის ბაზრობიდან გიორგი ჭანტურია მიდის სახლში, სადაც იცვლის ტანსაცმელს და კვლავ ჯდება საკუთარ ავტომობილში.

ამის შემდეგ ავტომობილს რუსთავის გზაზე რესტორან „სამეფოს“ სათვათვალო კამერა აფიქსირებს, მდინარე მტკვრის სიახლოვეს. ბრალდების მხარე ვარაუდობს, რომ ჭანტურიამ დანაშაულის მტკიცებუელებები, მათ შორის ტანსაცმელი, მტკვარში გადაყარა. გამოძიებას ამ ვარაუდს უმყარებს მეთევზის ჩვენება, რომლემაც დროის იმ კონკრეტულ მონაკვეთში მტკვართან „შკოდას“ მარკის ავტომობილი დააფიქსირა.

ამის შემდეგ გიორგი ჭანტურიას უკვე სხვა ტანსაცმლით რუსთავში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ვიდეო-თვალი აფიქსირებს, საიდანაც ის ბრუნდება კვლავ ე.წ. სტამბულის ბაზრის ტერიტორიაზე. იქ უკვე ცხედარი აღმოჩენილია და ადგილზე სამართალდამცველებიც იმყოფებიან. საქმის მასალების მიხედვით, ადგილზე მისული ჭანტურია მოკლულის შვილს ეკითხება, თუ ვისზე ჰქონდა ოჯახს ეჭვი.

პროკურატურის მტკიცების მიუხედავად, საქალაქო სასამართლომ სამსონ ქუთათელაძის განზრახ მკვლელობაში გიორგი ჭანტურია უდანაშაულოდ სცნო. საქმეს ამჟამად სააპელაციო სასამართლო განიხილავს. გენერლის ოჯახს, იმედი აქვს, რომ მეორე ინსტანცია ჭანტურიას მიმართ გამამტყუნებენ განაჩენს გამოიტანს და ეს გახმაურებული დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება. ამჟამად გიორგი ჭანტურია საპატიმროში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით იმყოფება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა