თეგებით ძიება

ცოფის გამო ქობულეთში კარანტინი გამოცხადდა

ქობულეთის ოთხ სოფელში – ჯიხანჯურში, ცეცხლაურში, ლეღვას სამხრეთ და ქაქუთის აღმოსავლეთი ნაწილში 60-დღიანი კარანტინია გამოცხადებული. საინფორმაციო სააგენტო "ბათუმელების ინფორმაციით, კარანტინი იმიტომ გამოცხადდა, რომ სოფელ ჯიხანჯურში ცოფით ინფიცირებულ ტურამ 3 შინაური ცხოველი დაკბინა.

კარანტინის პირობებში მოსახლეობას შინაური ცხოველების გაშვება ეკრძალება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა ქობულეთში, ნატო ქარდავამ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ცოფის შემთხვევა სამჯერ ერთსა და იმავე სოფელში – ჯიხანჯურში გამოვლინდა, თუმცა კარანტინი მიმდებარე სოფლებშიც გამოცხადდა.

„ამავე სოფლებში ვაქცინაცია ჩავუტარეთ ყველა შინაურ ცხოველს,“- ამბობს ნატო ქარდავა.

მისი თქმით, ცოფის პირველი შემთხვევა სოფელ ჯიხანჯურში 22 დეკემბერს დაფიქსირდა და ცხოველებიც აიცრა, თუმცა ვაქცინაციის მიუხედავად, ცოფი იმავე სოფელში კიდევ ორჯერ – 27 დეკემბერს და ბოლოს 11 იანვარს კვლავ გამოვლინდა შინაურ ცხოველებში.

კითხვაზე, როგორ დადგინდა, რომ ინფიცირების წყარო ტურაა, ნატო ქარდავა ამბობს, რომ პირველმა ოჯახმა, ვისი შინაური ცხოველიც ცოფით დაავადდა, მანდარინის ბაღში შენიშნა გარეული ცხოველი.

„მივარდა პირუტყვს და ცხვირ-პირის მიდამოში გაჰკრაო. როცა თავ-პირის მიდამოშია ნაკბენი, უფრო სწრაფად ვლინდება ვირუსი. მეორე და მესამე შემთხვევაში კი უფრო გვიან გამოვლინდა. რადგან სამივე ცხოველი ერთსა და იმავე სოფელში დაეცა, ვფიქრობთ, რომ ერთი და იმავე ტურის მიერ იყო დაკბენილი,“ – ამბობს ნატო ქარდავა.

მისი თქმით, გაფრთხილებულია მოსახლეობა და რეინჯერებიც, რომ თუკი სადმე გადაეყრებიან დაცემულ ცხოველს, შეატყობინონ სააგენტოს და იქნებ ამ გზით მაინც დადგინდეს დაავადებული ტურის კვალი.

ნატო ქარდავას თქმით, ცოფისგან დაცემული შინაური ცხოველების პათანატომიური მასალა გადაგზავნილია კვლევისთვის, ნაწილი კი დაწვეს და დაფლეს ორი მეტრის სიღრმეზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა