თეგებით ძიება

პროკურატურაში დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით, დავით დარჩიაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით "ევროპული საქართველოს" ყოფილი წევრის დავით დარჩიაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს. როგორც დარჩიაშვილმა საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ის პროკურატურაში დაიბარეს მისი საპარლამენტო საქმიანობის დროს გარეჯის საქმესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების საფუძველზე, კერძოდ კი, საუბარია განცხადებაზე, რომელიც მისივე განმარტებით, იმდროინდელი ოპიზიციის წევრის, ჯონდი ბაღათურიას ბრალდებების საპასუხოდ გააკეთა.

დავით დარჩიაშვილი გენერალურ პროკურატურაში მივიდა ჟილეტით, რომელსაც ეწერა - BACK IN the USSR.

პროკურატურაში დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით, დავით დარჩიაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს


“მთავარი პასუხი კითხვაზე, თუ რა მიზეზით მოვხვდი აქ, არის ის, რომ აბსოლუტურად საბჭოთა სტანდარტით და ტრადიციით მუშაობს პროკურატურა, ეს არაერთხელ მითქვამს. "კარტოგრაფების საქმე" მაგონებს იმდროინდელი საბჭოთა პროკურატურის ქმედებებს, როცა ვიშინსკი იყო სტალინის პროკურორი, ამას უშუალოდ ვეტყვი პროკურორებს.

რაც შეეხება იმას, თუ რა გახდა პროკურატურაში ჩემი დაბარების საბაბი, იხსენებენ ჩემს საპარლამენტო გამოსვლას. მინდა შევახსენო, რომ რაც არ უნდა მეთქვა, მათივე გადაკეთებული კონსტიტუციით, რომელიც 2018 წელს მიიღეს, არის მუხლი, რომელიც დეპუტატზე ასეთ დაკითხვებს იმის თაობაზე, თუ რა თქვა მან დებატების დროს, საიდან ჰქონდა ინფორმაცია დეპუტატს - ამისგან ათავისუფლებს და არავითარი უფლება არ აქვს პროკურატურას, რომ ამ თემებზე მელაპარაკოს. მოკლედ რომ გითხრათ, მაშინდელი ოპოზიციონერი ჯონდი ბაღათურია, ისეთივე ბრალდებებით გამოდიოდა, როგორც დღეს პროკურატურა და ხელისუფლების წარმომადგენლები გამოდიან და აცხადებენ, რომ "თქვენ გაყიდეთ გარეჯი". ისეთივე ლიტონი და უტიფარი ბრალდებები იყო, როგორც დღეს. მაშინ მას ვუთხარი, რომ ის, რა ვითარებაც არის საზღვარზე, სერგო ორჯონიკიძის და იოსებ ბესარიონის ძე სტალინის პასუხისმგებლობაა და თუ უნდა, მათ მოსთხოვოს პასუხი. ვინც ახლა, დელეგაციის, კომისიის წევრების და მესაზღვრეების სახით ცდილობს ჩვენი ისტორიული, კულტურული მემკვიდეობის დაცვა გააკონტროლოს და ამ ყველაფერს იმათ აბრალებს, რაც წინაპრების დანაშაულია, ეს სრულიად არაადეკვატურია", - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ამასთან, როგორც დარჩიაშვილი განმარტავს, ქვეყნებს შორის არავითარი შეთანხმება არ შემდგარა.

"მთავარია, რომ არანაირი შეთანხმება არ მომხდარა და რაც არ მომხდარა იმაზე სისხლის სამართლის საქმე, როგორ უნდა აღძრა. გამოთქმული იყო ათასგვარი ვერსიები. ვიმეორებ, აზერბაიჯანის მთავარი არგუმენტი იყო სტრატეგიული, სამხედრო, სიმაღლეები და ა.შ. ჩვენი არგუმენტი იყო და არის ისტორიულ- კულტურული მემკვიდრეობა. ამაზე არავითარი შეთანხმება არ შემდგარა. სახელმწიფოებს შორის შეთანხმებები დგება იმდაგვარად, როდესაც იქნება დოკუმენტი, ხელი ეწერება და პარლამენტშიც გადის რატიფიცირებას. იცით რაშია მთავარი პრობლემა?! რუკებზე დავა უნდა დავუტოვოთ კარტოგრაფებს, ძეგლზე დავა ისტორიკოსებს და პროკურატურა აქ არაფერ შუაშია... სოციალისტურ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის იყო გარკვეული ადმინისტრაციული საზღვრები, რომლის სამართალმემკვიდრეებიც არიან საქართველო და აზერბაიჯანი. თუ რა ქედზე გადიოდა, სადღაც სადავოა, სადღაც შეუთანხმებელია - ისინი ამბობენ ქედზე გადიოდა, მთელი რიგი რუკები ამბობს ქედზე გადიოდა, ვიღაცა, რუსეთიდან ჩამოტანილი ინფორმაციით, ამბობს, რომ არ გადიოდა ქედზე- ეს უნდა დაუტოვონ კარტოგრაფებს. ამ საქმეში უნივერსიტეტში დიპლომს ვინც იღებს, იმათ უნდა გაარჩიოს და არა პროკურატურამ", - განაცხადა დარჩიაშვილმა.

მან ასევე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რის საფუძველზე ამბობდა, რომ საზღვარი ქედზე გადიოდა?!

“ადმინისტრაციული საზღვრები ცნობილი იყო ასეთად. ამაზე საუბრობდა ყველა, ამაზე ვსაუბრობდით ჯერ კიდევ 1980-იან წლებში და როდესაც ჩავდიოდით იქ, სხვათა შორის, სოზარ სუბართან და ზურაბ ჟვანიასთან ერთად სტუდენტები, მაშინ გვეუბნებოდნენ იქ მყოფი ადაიანები, რომ აი, აქ არის საზღვარი. დანარჩენი, ამაზე დავა უნდა დავუტოვოთ კომისიას, სპეციალისტებს და არა პროკურატურას", - განაცხადა დარჩიაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა