„25 თებერვალს გაყალბებული არჩევნების პირველი საპროტესტო აქცია დაანონსდა“ - ზურა ჯაფარიძე
პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე სატელევიზიო ეთერში აცხადებს, რომ ოპოზიციის შეხვედრაზე განიხილებოდა ორი საკითხი.
მისი თქმით, პირველი საკითხი შეეხებოდა არჩევნების პროტესტს, კერძოდ, ოპოზიციამ 25 თებერვალს ქუჩაში პირველი საპროტესტო გამოსვლა დაგეგმა.
რაც შეეხება მეორე საკითხს, ჯაფარიძის თქმით, საუბარი იყო ნიკა მელიას საქმეზე.
„ნიკა მელია დანებებას არ აპირებს, დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ ვერ გაბედავს მის დაპატიმრებას.“ - აცხადებს ჯაფარიძე.
მისი თქმით, შეხვედრაზე ნიკა მელიას დაპატიმრების შემთხვევაში ოპოზიციის შესაძლო სამოქმედო გეგმა არ განხილულა.
„ასე კონკრეტული გეგმა არ ყოფილა. ვერსიები გაჟღერდა, თუმცა საჯაროდ ვერ განვაცხადებ.“ - აღნიშნა ზურა ჯაფარიძემ.
ჟურნალისტის შეკითხვას, თუ როგორ შეხვდა იგი დანარჩენ „გირჩელებს“, ჯაფარიძე შემდეგი სიტყვებით პასუხობს:
„მივესალმეთ ჩვეულებრივად ერთმანეთს, ჩვენ არ გვაქვს რაიმე განსაკუთრებული კომუნიკაცია.“